19 ივნისი 2019,   16:06
ვრცლად
„რაც ზუგდიდის ოლქს სხვა ოლქებისგან გამოარჩევს, ეს არის ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფაქტები“-სულხან სალაძე

„რაც ზუგდიდის ოლქს სხვა ოლქებისგან გამოარჩევს, ეს არის ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფაქტები“-ამის შესახებ განცხადება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ გააკეთა. საია ერთ-ერთი ორგანიზაციაა რომელიც შუალედურ არჩევნებს აკვირდება. სულხან სალაძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც ამ დროისთვის საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

მისი თქმით, ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფაქტებია, რომელმაც შესაძლოა ამომრჩევლის აქტივობის შენელება გამოიწვიოს.

„ფიზიკური დაპირისპირებების და შეხლა-შემოხლის ფონზე შესაძლოა ამომრჩეველს გაუჩნდეს განცდა, რომ დისტანცირება მოახდინოს უბნებიდან და არ მივიდეს და ხმა არ მისცეს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სულხან სალაძემ ისაუბრა, კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლის აღრიცხვაა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არის არაპირდაპირი გავლენის მოხდენა ამომრჩევლის ნების  თავისუფლებაზე.

„გასაგებია რომ პირდაპირი  მნიშვნელობით ეს კანონით დღეს არ არის დარღვევა და სულ ამაზე აპელირებს როგორც ცესკო, ასევე მმართველი პარტია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის ის პროცესი, რომელსაც დემოკრატიული პროცესი შეიძლება ვუწოდოთ დღეს და რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასთან იყოს დაკავშირებული,“-განაცხადა სულხან სალაძემ

სულხან სალაძე ამომრჩევლისათვის ფულის გადაცემის ფაქტებზე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც გამოეხმაურა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, აუცილებელია ასეთი ფაქტების შესწავლა მოხდეს და თუ კი დადასტურდება მოსყიდვის შემთხვევა უნდა მოხდეს რეაგირება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევა მარნეულშიც სადაც მარკირება გავლილმა ადამიანმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა კიდევ ერთხელ შეძლო. 

დღის ამბები