„ქართული ოცნების“ მხრიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ნიკა გვარამია პასუხობს.
„ოცნება“ საარჩევნო უბნებზე ვითარების დაძაბვაში "რუსთავი 2-ს ადანაშაულებს.
"რუსთავი 2"-ის მიმართ ბრალდებები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა გაახმოვანა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის არცერთი ფაქტი არ დასტურდება. სოზარ სუბარი მოსყიდვის ერთ-ერთ მაგალითად, ნიკა გვარამიას განცხადებას ასახელებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ათასი ლარით დაჯილდოვდება ის, ვინც „რუსთავი 2"-ს დადასტურებულ ფაქტს მიაწვდის, რომ ხელისუფლებამ სცადა არჩევნების გაყალბება.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სოზარ სუბარის ბრალდება აბსურდულია.
„რაც შეეხება ჩვენ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას, წიგნში ჩაიხედოს მანაც, ბატონმა მდინარაძემაც, მისი იურიდიული განსწავლულობა ვიცით, უწარუმატებულესი ადვოკატი იყო ყოველთვის და ეს ქალბატონმა ბესელიამაც უთხრა. ჩაიხედეთ კოდექსში და ნახავთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა შეუძლია მხოლოდ არჩევნების სუბიექტს. "რუსთავი 2" არ არის არჩევნების სუბიექტი, ის ამომრჩეველს ვერ მოისყიდის. ჩვენ დავაწესეთ ჯილდო ინფორმაციისთვის, რაც არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი 2" გაყალბების ყველა ფაქტს გამოააშკარავებს და საზოგადოებას აჩევნებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
„ყველაზე ბედნიერ სიზმარშიც კი ნუ ნახავთ ურუსთავიოროდ საქართველოს, დიახ, "რუსთავი 2" იქნება ყველგან, სადაც თქვენ ქვეყანას ღუპავთ, სადაც თქვენ არჩევნებს აყალბებთ, სადაც თქვენ იქცევით ისე, როგორც იქცევა არა მთავრობა, არამედ კრიმინალური რეჟიმი. ჩვენ ვიქნებით ყველგან და რა თქმა უნდა, სისხლს გაგიშრობთ და ბოლომდე გამოვააშკარავებთ თქვენს დანაშაულებრივ ქმედებებს. ეს თუ სიტუაციას გირევთ და ამით უკმაყოფილო ხართ, მე ეს მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამია ასევე ამბობს, რომ მას პროვოკატორი ქალბატონი მიუგზავნეს და მან მუშაობის საშუალება არ მისცა.
„მივხვდი, რომ მოგზავნილი იყო, ბეიჯი ეჭირა, რომელსაც არ მაჩვენებდა, გამოვგლიჯე ეს ბეიჯი და ვნახე, ვინც იყო, იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენელი საოლქო კომისიაში, რომელიც კომისიაში უნდა ყოფილიყო და არა ჩემთან, გარეთ. ამას მოჰყვა ზონდერების თავდასხმა, შემაგინეს, ორჯერ მეტი შევაგინე. საერთოდ, "ქართული ოცნება" უნდა მიეჩვიოს, რომ თქვენს თავდასხმებს ადეკვატური პასუხი გაეცემა,“ - განაცხადა გვარამიამ.