16 სექტემბერი 2019,   19:14
ვრცლად
თქვენი მერობისგან არ ავიღებ მაგალითს - დაპირისპირება სანდრა რულოვსსა და დავით ნარმანიას შორის

სოფელ კოკში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საარჩევნო უბანზე, რომელიც დავით ნარმანიას ყოფილ სკოლაშია განთავსებული, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ირაკლი ზარქუას მითითებით, გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრი გამოაძევეს.

აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა სანდრა რულოვსმა.

„თქვენთვის ხომ მთავარია, რომ ჩვენები შიგნით არ იყვნენ და თქვენ გააკეთოთ, რაც გინდათ, ოქმში დაწერ, რაც გინდა,“ - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კრიტიკას კი დავით ნარმანიამ უპასუხა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიანად. ჩემი სკოლაა, ეს სკოლა მე დავამთავრე,“ - განაცხადა ნარმანიამ.

სანდრა რულოვსმა კი ნარმანიას პასუხად აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და ამისთვის მოსახლეობა პასუხს არჩევნებზე გასცემს.

„მარტო ნეგატივზე გაქვთ მთელი კამპანია აგებული, არაფერი არ გაკეთდა 7 წელიწადი და ამიტომ მიიღებთ შედეგს, რაც საღამოს იქნება, კოკშიც და ყველგან. თქვენი მერობისგან არ ავიღებ მაგალითს,“ - განაცხადა რულოვსმა.

დღის ამბები