ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე, რომელიც სამართალდამცავებმა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, მომხდარს „კურიერის“ ზუგდიდის სტუდიიდან იხსენებს.
კაპანაძის შეფასებით, ის სამართალდამცავებმა კი არ დააკავეს, არამედ მოიტაცეს.
„ეს არ იყო დაკავება, ეს იყო გატაცება. იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მომიპარეს და ორი საათი ჯერ მატარეს ქუჩებში, მერე ჩამოყალიბდნენ, რომ უნდა წავეყვანე ფოთში, წინ რაღაც მანქანა მიყვებოდა, იქიდან ინსტრუქციებს აძლევდნენ, მე გზაში ვიდეოებს მიღებდნენ,“ - ამბობს კაპანაძე.
კაპანაძე მისი დაკავების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მისი და მისი კოლეგების დაკავების და განეიტრალების ბრძანება შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მოდიოდა.
„სამი მიზანი ჰქონდათ, ჩემი აზრით, ჩემი დაკავების და გატაცების. ეს იყო, პირველი, მობილური ტელეფონის წართმევა, არ ვიცი, რატომ სჭირდებოდათ ჩემი მობილური ტელეფონი, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, რადგან ჩემი დაკავების მომენტში მე ტელეფონი გადავაწოდე ჩემს თანამშრომელს. ეს იყო ჩვენი პროცესებიდან გათიშვა, რომ მერე უფრო კარგად, გაყალბების პროცესი გამარტივებულიყო.
„პროვოკაცია მოაწყო პოლიციამ, გახარიას დავალებით. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მიიღეს დავალება, რომ ჟურნალისტებზე გადასულიყვნენ და ჟურნალისტები გაენეიტრალებინათ იმ პროცესებისგან, რაც ზუგდიდში ხდება,“ - განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძე ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში ზუგდიდში პიკაპები გადაადგილდებოდნენ, სადაც სპეციალური აღჭურვილობა იყო, მათ შორის, რეზინის ხელკეტები, ფარები.