19 ოქტომბერი 2019,   22:28
ვრცლად
ეს არჩევნები იყო რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ, ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება 2020-ში-მესამე სექტორი

ამომრჩევლის მოსყიდვა, თავდასხმა ჟურნალისტებზე და მოქალაქეების ნებაზე ირიბი ზეწოლა კოორდინატორების მხრიდან - 19 მაისის არჩევნებს სამოქალაქო სექტორი აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით გამოყოფენ ზუგდიდსა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში შექმნილ ვითარებას. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა, კენჭისყრის პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა.

„იყო დაძაბული ფონი განსაკუთრებით ზუგდიდის და მარნეულის საარჩევნოს ოლქებში. დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტი, როდესაც ფულის გადაცემა დააფიქსირა ჩვენმა დამკვირვებელმა. ჩვენთვის ყველაზე პრობლემური იყო მარნეულში 68-ე და 84-ე საარჩევნო უბნები, სადაც რამდენიმე დარღვევა იყო კონცენტრირებული. 68-ე უბანი პრაქტიკულად სრული ქაოსის პირობებში ფუნქციონირებდა,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

არჩევნებს აფასებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც." სულხან სალაძის განცხადებით, შემაშფოთებელი იყო როგორც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, ასევე ჟურნალისტებზე ზეწოლის და გატაცების შემთხვევები.

„განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მათშორის პოლიტიკურ ძალებს შორის ერთგვარი შეხლა-შემოხლა, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია. შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის presa.ge-ის წარმომადგენლის დაკავება. კოორდინატორის მიერ ამომრჩევლების მობილიზება. ეს არჩევნები იყო ერთგვარი რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და რეალურად თუ ვიმსჯელებთ ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება 2020-ში,“-განაცხადა სულხან სალაძემ

დღის ამბები