19 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
"სამწუხარო ფაქტია მთლიანად ფეხბურთისთვის“ -  „გურია ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების სკანდალზე საუბრობს

საფეხბურთო სკანდალი და ე.წ. გარიგებული მატჩები - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ფეხბურთელის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცველები მათთან სახლში მივიდნენ და ის სახლიდან წაიყვანეს. 

ცნობილი ხდება, რომ დანაშაულში სამი კლუბი, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ფიგურირებს. გაშიფრულია დაჯგუფების სამოქმედო გეგმა, ირკვევა რომ ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, მატჩების სასურველ დასრულებას უზრუნველყოფდნენ.      

„ჩემმა რძალმა დამიძახა, ასე არისო, მოსულები არიანო, ეგრევე ჩამოვედით, დაურეკა მის ქმარს და მოვიდა. არც დამალულა, არც გაქცეულა, არც არაფერი,“ - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული ფეხბურთელის ოჯახის წევრი.

სპორტსმენების დაკავება მოულოდნელი იყო ლანჩხუთის გურიის მთავარი მწვრთნელისთვის. გელა სანაია მომხდარ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს. 

„ვიცი, რომ ერთ ფეხბურთელს ჩვენსას სახლში მიაკითხეს. მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი, რომ ძალიან სამწუხაროა, ის რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა ის ბრალდება, რაც წაუყენეს ფეხბურთელებს, არ ვიცი ეს რამდენად დადგინდება, სიმართლეა, არ არის სიმართლე. ნუ, სამწუხარო ფაქტია მთლიანად ფეხბურთისთვის,“ - აცხადებს „გურია ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი, გელა სანაია.

ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ცოტა ხნის წინ, ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელდა, რომლის თანახმადაც, ფედერაცია გარიგებულ თამაშებს გმობს და საგამოძიებო ორგანოების დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

დღის ამბები