24 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
”ზუგდიდელები იყვნენ ტოტალური შიშის ქვეშ" - ხატია დეკანოიძე

”ზუგდიდელები იყვნენ ტოტალური შიშის ქვეშ,“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ხატია დეკანოიძემ გაიხსენა კონკრეტულად 19 მაისს განვითარებული მოვლენები და ის მექანიზმები, რაც მმართველმა გუნდმა გამოიყენა. მისი განცხადებით, საარჩევნო პროცესი ტოტალური დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე წარიმართა. დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია მართავდა საარჩევნო პროცესს.  

დეკანოიძის შეფასებით, ტოტალური კონტროლის მექანიზმი იხვეწება და პრაქტიკულად, არჩევანი თავისუფალი აღარ არის. თუმცა მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 19 მაისი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, გაყალბება ბევრად უფრო ადრე.  

„საარჩევნო დღეს იყო ფულის დარიგება ასანთის და სიგარეტის კოლოფში დებდნენ ფულს. იყო ტოტალური კონტროლი. როდესაც ჩვენ უბნებზე შევდიოდით, როგორც დამკვირვებლები სპეციალური საშვებით., გვხვდებოდა უბანზე „იმედის“ ტელევიზიის რაღაცით, ეს საშვი არ იყო, ეს იყო დაბეჭდილი, ეწერა პრესა იმედი, ეს ადამიანები იღებდნენ ყველა ადამიანს, რომელიც შედიოდა და აძლევდა ხმას. სუს-ის დავალებით, იყო ტოტალური კონტროლი ადამიანებზე. ზუგდიდის მე-11 სკოლაში, მე-6 და 90-ე უბანია, დილით როცა მივედით, მობილიზებული იყო აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციული რესურსი ამ ეზოში, მობილიზაცია იყო ე.წ. ქუჩის კრიმინალური ავტორიტეტების, რომელთაც სპეციალური სიები ჰქონდათ, თავიანთი ტელეფონის ნომრებით,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან ასევე ერთი კონკრეტული ფაქტი გაიხსენა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის პროცესშიც კი ღიად ეწეოდა აგიტაციას სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად.

ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მას არაფერი დაუშავებია, თუმცა სამართალდამცველებმა ის აიყვანეს. დეკანოიძის ინფორმაციით, შს მინისტრი იმყოფებოდა სენაკში და საღამოს ზუგდიდში ჩავიდა.

„გახარია იყო კოორდინატორი მთელი მაქინაციის, ივანიშვილის დავალებით,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 ოპოზიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ციხის უფროსები ჩავიდნენ ზუგდიდში და პატიმრების ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ახლობლები უკეთეს პირობებში იქნებიან, თუ ხმას მმართველი გუნდის კანდიდატს მისცემდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები