19 აპრილი 2024,   07:21
ვრცლად
გეგელიას, იოსელიანის და საბოს ხმები,15%-მდეა, ეს არის გადამწყვეტი ხმები და რა თქმა უნდა, რა პოზიციას დაიკავებენ ისინი მნიშვნელოვანია - ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მთაწმინდაზე, მეორე ტურის წინ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა პოზიციას დაიკავებს ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდი, „გირჩი“ ან დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია. როგორც ბერძენიშვილი გადაცემა „არჩევანში“ ამბობს, ახლა ერთადერთი სწორი პოზიცია არსებობს და ეს პოზიცია შალვა შავგულიძის მხარდაჭერაა.  

დავით ბერძენიშვილი გადაცემა „არჩევანში“ ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ელისაშვილი აპირებს, მეორე ტურთან დაკავშირებით აზრი ამომრჩეველს ჰკითხოს.

ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ელისაშვილს მხარდამჭერების დიდი ნაწილი დაუდასტურებს, რომ მთაწმინდის ოლქში, მეორე ტურში მხარი შალვა შავგულიძეს უნდა დაუჭირონ.

„ალეკო ელისაშვილი თუ ნამდვილად ივლის და მგონი ცოტა სიტყვა გაექცა, კი არ დაიბარებს ოფისში ამომრჩეველს, არამედ დიდი მოწიწებით ჰკითხავს აზრს, მაშინ მე ძალიან მშვიდად ვარ, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით, ეს ადამიანები ეტყვიან, რომ ჩვენ მზად ვართ, ხმა მივცეთ შალვა შავგულიძეს.

ძალიან კმაყოფილი ვარ მე, რომ  კობა დავითაშვილისა და გიორგი ანდრიაძის ქსენოფობიაზე აწყობილი საარჩევნო კამპანია შეფასდა - 0 პროცენტით.

ჯამურად, მთაწმინდაზე გეგელიას, იოსელიანის და საბოს ხმები, სადღაც 15%-მდეა ეს არის გადამწყვეტი ხმები და რა თქმა უნდა, მათი პარტიების ხელმძღვანელები რა პოზიციას დაიკავებენ მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი უმრავლესობა ამ ადამიანებისა, თუ პოლიტიკურად აქტიურობას ჩათვლიან საჭიროდ მეორე ტურში მაინც მისცემს ხმას და გამოეკიდება მერე ალეკო იმ ხალხს,“-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ 2020 წლისთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია შევიდეს. მისი თქმით, ახლა აუცილებელია ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილს "ჩამოლაბორანტებულს" უწოდებს და ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი შემადგენელია ოპოზიციურ ფლანგზე.

"ნახევარი მილიონი 2012 წელს რომ მიშას წინააღმდეგ აძლევდა ხმას და "ქართულ ოცნებას" აძლევდა ხმას, ახლა ქართული ოცნების წინააღმდეგ აძლევს ხმას, ჩვენ ეს ვისწავლეთ, ვისწავლეთ ერთმანეთთან დიალოგი. საარჩევნო ბიულეტენი არის ყველაზე ბასრი იარაღი გახუნებული, არადემოკრატიული ხელისუფლებისთვის,"-ამბობს ბერძენიშვილი. 

დღის ამბები