25 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
დაპირისპირება 51-ე სკოლაში - დირექტორი პირველ განმარტებებს აკეთებს 

დაპირისპირება 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის - მელიქიშვილზე გუშინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ პირველი კომენტარი გააკეთა. დირექტორმა აღიარა, რომ კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის ნამდვილად მოხდა. ჩხუბის გამო კი სამართალდამცველებმა გამოჰკითხეს როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები და მანდატურის თანამშრომლები.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ჩხუბში მე-12 კლასელები არ მონაწილეობდნენ. მანანა თურქაძე კონფლიქტის მიზეზს არ განმარტავს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ დაპირისპირება არ მომხდარა იმ ვიდეო კლიპის გამო, სადაც მოსწავლეები ქურდულ მენტალობას აშარჟებდნენ.

„კამათი იყო გუშინ მე-11 კლასელებს შორის, საქმეს იძიებს პოლიცია, მოგახსენებენ ისინი, რაც ხდება, საქმე აღძრულია. რაც შეეხება მე-12 კლასელებს ისინი ნამდვილად არ მონაწილეობდნენ კამათში. არც კლიპს ეხება. კითხვებს კლიპთან დაკავშირებით ვუპასუხებ, რომ კლიპში გაჟღერებული რამდენიმე ფრაზა ნამდვილად ეწინააღმდეგება სკოლის ღირებულებებს, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე საუბარი გვქონდა. სკოლას არ ჩაუტარებია შიდა მოკვლევა, მე პოლიციელებს მივაწოდე ინფორმაცია. ეს იყო სკოლის დასრულების შემდეგ, მიმდებარე კორპუსის ეზოში,“-ამბობს მანანა თურქაძე.

სკოლის დირექტორის მსგავსად მოსწავლეებიც უარყოფენ, რომ დაპირისპირების მიზეზი გამოსაშვები საღამოსთვის მომზადებული მუსიკალური კლიპი გახდა.

დაპირისპირება სკოლასთან გუშინ მოხდა, საქმეს შს სამინისტრო 126-ე ძალადობის მუხლით იძიებს. მოზარდების დაპირისპირებისას არავინ დაშავებულა, ცნობილი არ არის, ჰქონდათ თუ არა მოსწავლეებს ცივი იარაღები.

ამავე თემაზე
დღის ამბები