ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი საგარეო ფაქტორებით ხსნის. ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად თურქეთის ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესი, რადგან მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული დოლარზე.
მიუხედავად ლარის კურსის გაუფასურების ანტირეკორდისა, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.
„ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის. უკვე ერთ წელზე მეტია დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დოლარზე დამოკიდებული. მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ, მაგალითად, ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევები, რომელიც აბსოლუტურად ყველგან ხდება და მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში კიდევ უფრო მეტად, ზუსტად ამის მიმართ, რომ იმუნიტეტი გვქონდეს. ჩვენ ვერ ხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში ,რომელიც ეროვნულ ბაკს აქვს დადგენილი. ის ნაწილი, კი ვისაც დოლარში აქვს სესხი, ის არის ვინც ყველაზე უფრო მოწყვლადია ამ დროს, დედოლარიზაციის ღონისძიებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარმა დოლართან მიმართებაში ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს.