17 ივნისი 2019,   16:06
ვრცლად
პირი, რომელმაც ზუგდიდში საარჩევნო უბანთან ისროლა, თავისუფალია - ოპოზიცია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ოპოზიცია ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე დაკავებული პირის გათავისუფლებას ეხმაურება.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ირაკლი ჩანგელიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან არ ისროლა, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. 

ხატია დეკანოიძის თქმით, ამ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო  მუხლის გადაკვალიფიცირება, რადგან ადგილი ჰქონდა ოპოზიციის დამკვირვებელზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

„ზოია ქვარცხავამ გასაგებად მისცა ჩვენება, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა და მუქარა იმიტომ, რომ პირველად, როდესაც ეს ორი მანქანა გაჩერდა, იარაღი დაუმიზნეს ჩვენს დამკვირვებელს და ამის შემდეგ გაისროლეს ჰაერში. სწორედ ეს იყო ძალადობა და მასზე განხორციელებული მუქარა. როგორც კი გაირკვა, თუ გაირკვა, რომ ეს იარაღი არ განეკუთვნება, ვთქვათ, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას, მაშინ აუცილებლად უნდა მომხდარიყო გადაკვალიფიცირება მუხლის. მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ეს ადამიანები მოქმედებდნენ დავალებით, რომ დაეშინებინათ ეს ქალი იმიტომ, რომ ზოიამ მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დარღვევების შესახებ და წარმოადგენდა დამკვირვებელს სწორედ გაერთიანებული ოპოზიციიდან,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩანგელიამ საარჩევნო უბანთან ოპოზიცის წარმომადგენელს ჯერ იარაღი დაუმიზნა და შემდეგ კი ჰაერში გაისროლა. საოლქო კომისიის წევრის შვილი მომხდარიდან მალევე დააკავეს და ძიება იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნით კი, ის მოწყობილობა, საიდანაც გასროლა განხორციელდა, იყო სპორტული-სასტარტო იარაღი და შესაბამისად, ძიება შეწყდა. ჩანგელიამ კი წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები