24 აპრილი 2024,   05:52
ვრცლად
თუთუნი ძვირდება - ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს

თუთუნი ძვირდება. ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს. სიგარეტის გაძვირების შემდეგ, მწეველები იძულებულები გახდნენ თუთუნი იყიდონ და თავად დააფასოონ.

100 გრამი თუთუნის ფასი ბაზარზე 5-დან 12 ლარამდეა. 100 გრამი თუთუნით, სულ მცირე 100 ღერი სიგარეტი მზადდება, ანუ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად მოქალაქეები დაახლოებით ხუთ კოლოფს იღებენ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ თამბაქოს გაძვირების შემდეგ მოქალაქეებმა თუთუნის ყიდვა დაიწყეს, გაძვირების შემთხვევაში კი შიშობენ, რომ გაყიდვები საერთოდ შეჩერდება.

დაჭრილ თამბაქოზე აქციზის დაწესების მოთხოვნით ხელისუფლებას ბიზნესომბუდსმენი მიმართავს. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ სიგარეტზე გადასახადის ზრდის ფონზე თუთუნი არ იბეგრება, რაც ამ ორ ბიზნესს არაკონკურენტულ პირობებში აყენებს.

ქვეყანაში თამბაქოს გაძვირების პარალელურად იზრდება კონტრაბანდა. წელს მხოლოდ სამ თვეში 22 668 უაქციზო სიგარეტის კოლოფი ამოიღეს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდით ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, რადგან მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად არ მცირდება.

თამბაქოსა და მისი ნაწარმზე აქციზის გაძვირება 2018 წლიდან დაიწყო. ფასის მატება რამდენიმე ეტაპად მოხდა. წლის ბოლომდე შესაძლოა, კოლოფი სიგარეტის ფასმა ათ ლარს მიაღწიოს და ამავე ფასს გაუთანაბრდეს თუთუნით დაფასოებული სიგარეტიც.

დღის ამბები