17 ოქტომბერი 2019,   15:38
ვრცლად
"NDI-ის ანუ CRRC-ის ნდობის რეიტინგი და Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა აბსოლუტურად სცდება ერთმანეთს" - მამუკა მდინარაძე კვლევებზე

NDI-ის კვლევებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ეხმაურება და უნდობლობას უცხადებს.

მამუკა მდინარაძე კვლევების მიხედვით ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნის შეფასებისას ამბობს, რომ მმართველ პარტიას ნამდვილად არა აქვს ისეთი ნდობა ხალხის მხრიდან, როგორიც 2012-ში ჰქონდა, თუმცა, პროცენტული ცვლილება დიდი არ არის.

მდინარაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მმართველი გუნდს მუდმივად აკრიტიკებს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი მესიჯბოქსით საუბრობდა, რომ ოცნება „უნიათო“ და „მავნებლურია“.

მამუკა მდინარაძის თქმით, CRRC NDI-ის დაკვეთით ატარებს საველე სამუშაოებს, ამ ორგანიზაციის ტენდენცია კი, ოცნების დეპუტატის შეფასებით, ენმ-ის ტენდენციას ემთხვევა.

„ჩემი შეფასებაა, რომ მისი სატელიტია, მაგრამ ფაქტია, რომ CRRC-ის მესიჯბოქსიც კი კვლევაში ასახული, ემთხვევა ხოლმე ნაცმოძრაობის მესიჯბოქს. ამით კი ყველაზე მეტად ზიანდება თავად NDI," - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე ეხმაურება Ipsos-ის კვლევას, რომელიც რუსთავი2-მა დაუკვეთა და მასაც უნდობლობას უცხადებს.

„დღეს სასამართლოსთან დაკავშირებით, მაგალითად, NDI-ის ანუ CRRC-ის ნდობის რეიტინგი და Ipsos-ს საფრანგეთის, ანუ სათაო ოფისის მიერ ჩატარებული ნდობის რეიტინგი აბსოლუტურად სცდება ერთმანეთს. თუ თქვენ ენდობით Ipsos-ს, რატომ არ სვამთ შეკითხვას, რომ იმ ხალხმა რომ თქვა, სასამართლოს ნდობის რეიტინგი არის 50 პროცენტზე მეტიო, აქ, NDI-ის კვლევაში სხვანაირად არის, რომელიც CRRC-მ უზრუნველყო თავის საველე სამუშაოთი. ეს კითხვა არ ისმევა, ან როგორ ხდება, რომ ორი დღით ადრე რაღაც რეიტინგი ვნახეთ, ორი დღის შემდეგ რაღაც რეიტინგი ვნახეთ და 40%-ით სცდება ესენი ერთმანეთს. აქ არის უსერიოზულესი პრობლემა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება მთაწმინდაზე გამართულ არჩევნებს და შედეგებს, როდესაც ოცნების კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა და მეორე ტური დაინიშნა, ამას მამუკა მდინარაძე ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას უკავშირებს. 

დღის ამბები