24 ივლისი 2019,   11:29
ვრცლად
გაყიდული მატჩები - დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს

საფეხბურთო სკანდალი - თამაშების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ფეხბურთელებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე, საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ბრალი პროკურატურამ 11 სპორტსმენს, მათ შორის 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს წაუყენა. ბრალდების მხარე, წინასწარ პატიმრობას 4 ორგანიზატორის წინააღმდეგ ითხოვს, დანარჩენებს კი სავარაუდოდ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. დაკავებული სპორტსმენები ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ჩვენ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განვიხილოთ საკითხი რამდენად დასაშვებია მტკიცებულებები და რამდენად შემხებლობაშია საქმესთან. აღმკვეთ ღონისძიებაზე ჩვენი ალტერნატიული მოთხოვნა, იქნება ამ ეტაპზე გირაო,“-აცხადებს მაია ყანდაშვილი.

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეჭვი, რომ დანაშაული პროვოცირებული იყო.

„ჩემი მოთხოვნა იქნება გირაო, ვფიქრობ სასამართლოს მიერ იქნება გათვალისწინებული აღნიშნული გარემოება არ არის არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად იმის საფუძველი, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული,“-ამბობს ჩინჩალაძე.

 

დღის ამბები