25 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
„დედაქალაქის ათეულობით ბაღი იმყოფება საფრთხის წინაშე, რომ ბავშვები დარჩნენ საკვების გარეშე" - ხაბეიშვილი

„დედაქალაქის ათეულობით ბაღი იმყოფება საფრთხის წინაშე, რომ ბავშვები დარჩნენ საკვების გარეშე" - ეს განცხადება საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. ოპოზიციის ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დირექტორებს დაავალა, რომ ხელშეკრულება ყველა ბაღმა შპს ვტ-სთან უნდა გააფორმოს. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეს კომპანია „ილის“ პარტნიორი და „ქართული ოცნების“ შემომწირველია. „ილი“ კი სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველი იყო.

ხაბეიშვილი დედაქალაქის მთავრობას აფრთხილებს, რომ კომპანია, რომელიც შემდგომ კონტრაქტორად განიხილება, დიდი ალბათობით, ისევ პრობლემებს შეუქმნის საჯარო ბაღების კვებითი უზრუნველყოფის საკითხს. ოპოზიცის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია სამ ტენდერში უკვე არის დისკვალიფიცირებული.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ბაღების დირექტორებს დაავალა, რომ შპს „ვტ-სთან ითანამშრომლონ. ამ დროისთვის ბაღების კვებით უზრუნველყოფა დირექტორებს ევალებათ. 

„დედაქალაქის ათეულობით ბაღი იმყოფება იმ საფრთხის წინაშე, რომ ბავშვები დარჩნენ საკვების გარეშე, რატომ? იმიტომ, რომ ფორსმაჟორში დირექტორებს დაევალათ, თავად მოიძიონ კონკრეტული კომპანიები, ვისგანაც მიიღებენ საკვებს. კომპანია, რომელთანაც დაავალა ბაღების სააგენტომ ხელშეკრულების გაფორმება ბაღების დირექტორებს, არის შპს ვტ. შპს ვტ 2019 წელს სამ ტენდერში არის დისკვალიფიცირებული. „შემთხვევით“ აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი 15 ათასი ლარით და ამ კომპანიის უკან დგას კომპანია „ილი ჯგუფი,“ რომელიც ასევე სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია 180 ათასი ლარით. ანუ კახი კალაძემ, დედასქალაქის მთავრობამ პირდაპირ დავალება მისცა ბაღების დირექტორებს, რომ ხელშეკრულება გაუფორმონ კომპანიას, რომელიც არის შემომწირველი „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები