17 ივნისი 2019,   16:04
ვრცლად
8 თვის ჩვილის მკვლელობა - არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წარუდგენენ

8 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას, ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. 16 წლის გოგონას, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ის ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა.

ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ბრალის წარდგენამდე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

„საღამოს წარედგინება ბრალი, მანამდე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის არასრულწლოვანი და მისივე ინტერესებიდან გამომდინარე მე ინფორმაციას ჯერ ვერ გაწვდით,“-ამბობს ადვოკატი ქეთი გაგოევი.

ტრაგედია სოფელ აღაიანში ორი დღის წინ მოხდა. 16 წლის დედამ 8 თვის ჩვილი, სავარაუდოდ, გაგუდა და მიიმალა. როგორც მისი მეუღლის ოჯახის წევრები აცხადებენ, არასრულწლოვანმა შვილის მკვლელობის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ოქროს ნივთები და ფული წაიღო და სახლი დატოვა.  

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული მეორე დილას თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. როგორც ცნობილია, ის ბრალს აღიარებს.

დანაშაული, რომელსაც არასრულწლოვან დედას ედავებიან საკმაოდ მძიმეა და ის 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები