19 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის საკრებულოს"ქართული ოცნების" დეპუტატია 

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგოს მტკიცებით, მან ინტიმური ფოტოების გადაღება ორი კვირის წინ მოსთხოვა. ახალგაზრდა გოგოს ნახევრად შიშველი სურათები მისთვის ინტერნეტით უნდა გაეგზავნა. სტუდენტის მტკიცებით, უარის შემდეგ ლექტორმა წელს ქვემოთ შიშველი ფოტო გადაიღო და გოგონას გადაუგზავნა. სტუდენტი პროფესორის დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ლექტორის გარყვნილ ქმედებას დაადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებასა და გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, „ქართული ოცნების“ წევრი და ბათუმის საკრებულოში ამავე პარტიის ფრაქციის დეპუტატიც არის. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება და თუ პროფესორის ბრალეულობა გამოიკვეთება, მას იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.

მეორე კურსელმა ლექტორის გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს აცნობა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს სტუდენტებთან ურთიერთობა დროებით აუკრძალეს.

ლექტორი ბრალდებას უარყოფს. ის ამჟამად მივლინებით უკრაინაში იმყოფება, თუმცა გამგზავრებამდე რექტორს ესაუბრა და სტუდენტი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ცნობილი ხდება, რომ ლექტორის მხრიდან გარყვნილი ქმედების ეს პირველი შემთხვევა არ არის. სტუდენტები, რომლებმაც პროფესორს ბოიკოტი გამოუცხადეს, ყვებიან, რომ უფროსკურსელებმა ისინი სწავლის დაწყების დროს გააფრთხილეს, რომ ამ კონკრეტულ ლექტორთან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ორი წლის წინ კიდევ ერთი სტუდენტი გოგონა ამტკიცებდა, რომ მასთან ინტიმურ ურთიერთობას ერთ-ერთი პროფესორი ცდილობდა. მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა გოგონა, რომელიც პროფესორს ბრალს დებდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა და საქმეც შეწყდა. ლექტორმა უნივერსიტეტში საქმიანობა გააგრძელა, ერთი თვის წინ კი მას საპატიო ბათუმელის წოდებაც მიანიჭეს.

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, თეა ვაშალომიძე

 

დღის ამბები