25 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
ლარი დრამატულად უფასურდება - შესაძლოა, ბენზინის ფასიც გაიზარდოს

ეროვნული ვალუტის დრამატული გაუფასურება გრძელდება. ლარი ისტორიულ მინიმუმთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.78 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ვალუტის ისტორიული მინიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2.78 ლარი იყო.

ბოლო დღეების განმავლობაში  გაიზარდა ბენზინის ფასი. ნავთობ პროდუქტების ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ ვალუტის კურსი არ დასტაბილურდება, ისინი საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავენ.  

„მიმდინარე ეტაპზე, რა თქმა უნდა, საწვავის ფასზე დამატებით გავლენას ახდენს ბოლო პერიოდში გაუფასურებული ლარი დოლართან მიმართებაში. თუ ლარმა სტაბილურობა არ შეინარჩუნა, არ წავიდა გამყარებისკენ, ეს იმოქმედებს საწვავის ფასზე. ყოველ შემთხვევაში ახალი პარტიების განხორციელების დროს, რომელიც ახალი საერთაშორისო ფასით იქნება გახორციელებული და შესაბამისად, გვაქვს ჩვენ სხვა მოცემულობა ლარის გაცვლითი კურსის მიმართება დოლართან მიმართებაში. თუ ვითარება არ დასტაბილურდა, არ შეიცვალა, ეს საწვავის შემდგომ ფასებზე გავლენას მოახდენს,“ - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

საქართველოში იმპორტი ექსპორტს აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ არაერთი კომპანია დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაში შეძენილ პროდუქციაზე. ახლა მათ პროდუქციის შეძენა ძვირად უწევთ, თუმცა საქართველოში პროდუქციას ფასს აღარ უმატებენ, რადგან შესაძლოა, ვეღარ გაიყიდოს. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ბევრმა კომპანიამ ბიზნესსაქმიანობა შეწყვიტა.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო კომპანიები, რომლებმაც ვერ გაუძლო და თავისთავად გავიდნენ ბაზარზე და შეცვალეს თავიანთი მიმართულება. მათთვის არანაირად მომხიბლველი არ იყო ბიზნესში ყოფნა. მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომ დღესდღეისობით არსებული კურსი არის სავალალო იმიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ არის რაღაც ნიშნული, ეს არის, დაახლოებით, 2.7,  რომელიც დაჭერილი ჰქონდათ, გამომდინარე იქიდან, რომ 2.63-ზე იყო ბიუჯეტი აწყობილი, მაქსიმალური რაც შეიძლება, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს აეღოთ, იმპორტიორ კომპანიებს, ეს იყო 2.7. მაგრამ 2.7-ს როდესაც სცდება, როდესაც საწვავის ფასი კატასტროფულად არის გაზრდილი, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება და არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კომპანიას სერიოზული პრობლემა შეექმნას მომავალში და ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს,“ - განაცხადა კომპანია ”გრანდის” დამფუძნებელმა, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები