18 ივნისი 2019,   07:52
ვრცლად
ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმე - ოთარ ფარცხალაძე პროცესის დასრულების შემდეგ, მოკლე კომენტარს აკეთებს

ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს სასამართლომ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. პროცესს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძეც დაესწრო. მან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და თქვა მხოლოდ ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან "ელ ცენტროში" მომხდარ ინციდენტს. იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა. ლაშა თორდია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძის მხრიდან, მის მიმართ აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა გარკვეული დასკვნები ფარცხალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დოკუმენტების გაწვევას ითხოვდა უკან ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძეს 5000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.  

მომდევნო სასამართლო პროცესი, რომელზეც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, 28 მაისს ჩაინიშნა. 

დღის ამბები