18 სექტემბერი 2019,   08:05
ვრცლად
არანაირი განსაკუთრებული სხვა რამ არ ხდება - ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის ვარდნაზე

„ეს არის მოკლევადიანი რყევა“ - ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. ვანო მაჭავარიანი ლარის რეკორდულ ვარდნაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

მინისტრი განმარტავს, რომ მსგავსი მოკლევადიანი რყევები განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.

„მოკლევადიანი რყევები ახასიათებს ზოგადად, პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მით უმეტეს განვითარებად ქვეყნებს, ამავდროულად, მცირე ეკონომიკის ქვეყნებსაც. ეს ნორმალური მოვლენაა. ამ რყევებს ზოგჯერ მერე აჟიოტაჟი მიჰყვება და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ვიდრე მისი ბუნებრივი წონასწორული მდგომარეობაა, მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც, არანაირი განსაკუთრებული სხვა რამ არ ხდება. ეს არის მოკლევადიანი რყევა,“ - განაცხადა მინისტრმა.

ეროვნული ვალუტის დრამატულ ვარდნაში პრობლემას ვერ ხედავს პრემიერიც. მამუკა ბახტაძე ლარის კურსის გაუფასურებას გარე ფაქტორებს უკავშირებს, მათ შორის, თურქეთში არსებულ ვითარებას. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა და 2.7799 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით 0.0047 ლარით გამყარდა და 3.0954 ლარი შეადგინა. აღნიშნული ცვლილება ხვალიდან შევა ძალაში.

დღეს კი კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.78 ლარად არის შესაძლებელი.

დღის ამბები