18 სექტემბერი 2019,   08:00
ვრცლად
„ამ ადამიანების მხრებზე დგას ჭიათურა“ - მაღაროელებს ადგილობრივები მხარდაჭერას უცხადებენ

„ამ ადამიანების მხრებზე დგას ჭიათურა მთლიანად“ - გაფიცულ მაღაროელებს ადგილობრივი მცხოვრებლები სოლიდარობას უცხადებენ. ჭიათურის ცენტრში გაფიცულ და მოშიმშილე მუშებთან მიდიან ადგილობრივი მცხოვრებლები და მხარდაჭერას გამოხატავენ. მაღაროელებთან პედაგოგებიც იმყოფებოდნენ.

„ეს ქალაქი არა მარტო მაღაროელების, ყველასია. ყველა საწარმო დაწესებულება, სკოლები იქნება, ბაღები სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ და აუცილებელია, რომ ყოველდღიურად ამათ გვერდით იყვნენ. მათი გამარჯვება მთელი ქალაქის გამარჯვებაა,“ - განაცხადა პედაგოგმა, ციური ცოცხალაშვილმა.

ადგილობრივები ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაბინძურებულია წყალი და ჰაერი. მაღაროელები და ასევე ადგილობრივები აცხადებენ, რომ მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები არ უნდა გადაადგილდებოდნენ ქალაქში და აუცილებელია, რომ მადნის რკინიგზით გატანა აღდგეს. 

 „მათი ნაშრომი ფული ტრიალებს ჭიათურაში. თითოეული ჭიათურელი, ფაქტობრივად, ამათით ვარსებობთ. ნებისმიერი ჩვენი შვილი ზარალდება იმით, რომ მარგანეცის არასწორი გზით გადაზიდვა ხდება. დახურული უნდა იყოს, სატვირთო ავტომობილები ცენტრალურ ქუჩაზე არ უნდა დადიოდეს. ჩვენი შვილები არ უნდა სუნთქავდნენ მარგანეცს. ესეც თითოეული ჭიათურელის მოთხოვნაა,“ - განაცხადა პედაგოგმა, თინათინ ბარათაშვილმა.

ამ დროისთვის მაღაროელებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანაც მადანის გატანა ხდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი შიმშილობს და გაფიცულია 3 ათასამდე მუშა. სწორედ მათი პრობლემების მოსასმენად მაღაროელებთან არაერთი მოქალაქე მიდის. გაფიცულები ხელფასების ზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

„წყალი ძალიან ბინძური, ჰაერი მოწამლული მარგანეცის მტვრისგან. თითქოს შეუძლებელი ხდება ამ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ მეტი გზა არ გვაქვს, თან გვიყვარს ჩვენი ქალაქი,“ - განაცხადა პედაგოგმა, რუსუდან აბჟანდაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები