24 ივნისი 2019,   22:40
ვრცლად
მნიშვნელოვანი
შიმშილობა, პირის ამოკერვა და გზების ბლოკირება - მაღაროელების უკიდურესი პროტესტი ჭიათურაში

უკიდურესი პროტესტი ჭიათურაში გრძელდება - მაღაროელების ქალაქი, უკვე შვიდი დღეა კარვების ქალაქად გადაიქცა. კვირაზე მეტია 3000-ზე მეტი მუშა საამქროს ნაცვლად, რიგრიგობით აქციაზე დადის და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვს. რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ხალხი, ვინც მიწის ქვეშ მადანს სიცოცხლის ფასად მოიპოვებს, ამბობს, რომ კომპანიის გადახდილი მინიმალური ხელფასი დაცინვაა და ანაზღაურება უნდა გაეზარდოთ. 

დღეს ჭიათურაში პროტესტმა ახალი მასშტაბები მიიღო. გაფიცულმა მუშებმა მთავარი ქარხნის საწარმოო პროცესის პარალიზება 18 კარიერაზეც მოახდინეს, სადაც ნედლეულის მოპოვება ხდება.

გაფიცული მუშები პროტესტს ტერორის ფონზე განაგრძობენ. კომპანიის ხელმძღვანელობა მათ ყოველდღიურად სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.

გაფიცული თანამშრომლების მიერ წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია არ აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ გაფიცვით თანამშრომლებმა კანონი დაარღვიეს და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

ჭიათურ-მანგანუმის გაფიცულ თანამშრომლებს ქალაქის მცხოვრებლებიც უერთდებიან. ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბურ პროტესტს გამოეხმაურა პრემიერ მინისტრიც. მამუკა ბახტაძემ კრიზისი აღიარა.

დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც. სულხან სალაძე ამბობს, რომ პრობლემები ჭიათურ-მანგანუმის მხოლოდ ხელფასებთან დაკავშირებით არ არის და დირექციამ მაღაროელების მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს.

გაფიცული მაღაროელები ხელისუფლებას პროცესებში ჩარევას სთხოვენ. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობის უფრო რადიკალურ მეთოდზე გადასვლას აპირებენ და პირის ამოკერვით იმუქრებიან.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები