25 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
სექსუალური შევიწროების ბრალდება - ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ომარ მახარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს 

„მოვითხოვთ შეუჩერდეს უფლებამოსილება სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს“, - ეს განცხადება, დღეს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა გააკეთეს.

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. მოთხოვნა დღეს ბათუმის საკრებულოში არ დაკმაყოფილდა.

„ამ ადამიანთან მიმართებაში არის ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომელიც მიუღებელია. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იცით, მე ვერ ვხვდები, რომელ საკრებულოს წევრზეა. ამიტომ, რაღაც მიჩქმალვა უნდა, თემის გადაფარვა უნდა. არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში თვითონაც, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, გამოსავალი ის არის, რომ ამ ადამიანს გამოძიებამ უნდა შეუჩეროს უფლებამოსილებამ,“ - აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ დუმბაძე.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მათი კოლეგა მივლინებაშია, მასთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცემიათ და გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერება მიზანშეწონილი არ არის.

„სანამ მიმდინარეობს გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სარწმუნო მასალებით ან თუნდაც ჭორის დონეზე საუბრით, ჩვენ ვერავითარ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიების დასრულების შემდეგ ფაქტი თუ იქნა დადასტურებული, აუცილებლად ჩვენგან მკაცრი ღონისძიება იქნება დასრულებული,“ - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ სალუქვაძემ.

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგოს მტკიცებით, მან ინტიმური ფოტოების გადაღება ორი კვირის წინ მოსთხოვა.

მეორე კურსელმა ლექტორის გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს აცნობა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს სტუდენტებთან ურთიერთობა დროებით აუკრძალეს.

უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი სტუდენტის ბრალდებას უარყოფს.

დღის ამბები