19 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
უკიდურესი პროტესტი და პირამოკერილი მაღაროელები - გაფიცულებისთვის სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

უკიდურესი პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში - კარვების ქალაქში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება რამდენჯერმე გახდა საჭირო. იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში არაერთხელ გაუარესდა. მოშიმშილეები დანებებას არ აპირებენ და პროტესტის მასშტაბების კიდევ უფრო ზრდას აანონსებენ.

პირამოკერილი მაღაროელები პროტესტის მე-8 დღესაც უშედეგოდ ცდილობენ, რომ მოთხოვნები ადრესატებამდე მიიტანონ. ქალაქის ქუჩებში ხმაურიანი მსვლელობის მიუხედავად, მაღაროელებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების სასურველ ნიშნულამდე გაზრდაზე „ჭიათურ-მანგანუმის“ ხელმძღვანელობა უარს ეუბნება. 

ჭიათურელების უმრავლესობა მაღაროელების მიმართ სოლიდარულია. უმძიმეს პირობებში მომუშავე ადამიანების გვერდით მათივე ოჯახის წევრების გარდა, იყვნენ ყველა მცირე საწარმოს თანამშრომლები. ხვალიდან მოშიმშილეთა რიცხვი კიდევ 7-ით გაიზრდება. ყველა ერთად კი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაელოდება.

კომპანია მზად არის, რომ მოთხოვნებიდან ხელფასების ზრდა დააკმაყოფილოს, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს პირველ ეტაპზე ხელფასის 15%-ით, მოგვიანებით კი 10%-ით გაზრდას ჰპირდება. ადმინისტრაცია ასევე ირწმუნება, რომ შეცდომას გამოასწორებს და სამუშაოების წარმოების დროს გარემოსაც გაუფრთხილდება.

გაფიცული მუშები ამბობენ, რომ ასეთი დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან მოსახლეობა კომპანიამაც და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც უკვე ბევრჯერ მოატყუა. ამიტომ სამუშაო ადგილებზე იქამდე არ დაბრუნდებიან, ვიდრე მოთხოვნების შესრულების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებები დოკუმენტებში არ აისახება. ადგილობრივების პრობლემები სახალხო დამცველმაც პირადად მოისმინა.

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები