24 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
საქართველო შეერთებული შტატების მხარდაჭერის აქტის მოლოდინშია

საქართველო შეერთებული შტატების მხარდაჭერის აქტის მოლოდინშია. კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე დოკუმენტის განხილვის შემდეგ ამერიკელი ექსპერტები მისი მიღების შესაძლო შედეგებზე მედიასთან მსჯელობენ.

რიჩარდ უეითზი, ჰადსონის ინსტიტუტიდან, გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას და სანქციების დაწესებას მათთვის, რომლებიც ადამიანთა უფლებებს არღვევენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი სანქციებს სხვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს. მათ შორის არის აქტივების დაბლოკვა, ასევე შეერთებულ შტატებში მოგზაურობის აკრძალვა და უკვე გაცემული ვიზების გაუქმება.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით.

ქართველი დიპლომატები განმარტავენ, რომ აქტის მიღების შემდეგ სანქციების დაწესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში მონაწილე პირებისთვის უკვე კანონიერი საფუძველი ექნება და მუდმივად გაგრძელდება კონსულტაციები შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ამ სიის გავრცობის და განახლებისთვის.

ტერიტორიული მთლიანობის თემა, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის გამო ქვეყნებისთვის ამერიკული ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი დიდ კანონებში, ჩანაწერის სახით აქამდეც გათვალისწინებული იყო, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით განხილვებზე ცალკე კანონია შემოსული.

კონგრესის ქვედა პალატის საგარო საქმეთა კომიტეტმა კანონპროექტი უკვე დაამტკიცა და მისმა ავტორებმა სამუშაო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მის მნიშვნელობას.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების დაკავებებს, გატაცებებს და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს. ნახსენებია ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის საქმეები. აქტი მხარს უჭერს დევნილების უსაფრთხო დაბრუნებას.

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გარდა საუბარია კიბერუსაფრთხოებაში დახმარებაზე, ასევე რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაზე, მხარდაჭერილია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

შემდეგი ეტაპი კანონპროექტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებაა და ამის შემდეგ აქტი სენატს გადაეგზავნება. ორივე პალატაში მიღების შემდეგ კი ძალაში რომ შევიდეს, მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

დღის ამბები