24 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
„რუსთავი2"-ის ოფისში პარტნიორთა კრება იწყება

რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება უნდა დაიწყოს, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის - ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა.

პარტნიორთა კრებამ ნიჟარაძის მოთხოვნაზე უნდა იმსჯელოს, რომელიც არხის მფლობელებს და მენეჯმენტს მისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას მოითხოვს.

რუსთავი2-ის მენეჯმენტს და აქციების 91%-იანი წლის მფლობელებს ეჭვი აქვთ, რომ ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას, რომელიც სასამართლო დავით ცდილობს, სამაუწყებლო კომპანიას პრობლემები შეუქმნას. ისინი სარჩელის საერთაშორისო არბიტრაჟში განხილვას მოითხოვენ.

დღის წესრიგში გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა - ნინო ნიჟარაძის მხარე ითხოვს, რომ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დავის ალტერნატიული გზებით გადაჭრის საშუალებების მოძიება და შეთანხება მოხდეს.  მეორე საკითხი გულისხმობს სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, პოზიციის ანგარიშის მოსმენას სარჩელში დაყენებულ საკითხებზე.

მესამე საკითხს რუსთავი2-ის მენეჯმენტი აყენებს. ის ეხება პარტნიორების მიერ ინფორმაციის წარმოდგენას რუსთავი2-ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული დევნისა და ზეწოლის წინააღმდეგ კომპანიის პარტნიორების მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

დაკავშირებული სურათი„დღის წესრიგში არის ორი საკითხი, რომელიც ნიჟარაძის ინიციატივით არის. ეს შეეხება სარჩელში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენას, აგრეთვე შესაძლო აუდიტის ან არბიტრაჟის მიერ დავის ალტერნატიული საშუალებებით გადაწყვეტის შესახებ საუბარს. აგრეთვე, დირექტორის მხრიდან ინფორმაციის მოსმენა. აგრეთვე, დამატებული იქნა მესამე საკითხი, რაც გულისხმობს პარტნიორთა მხრიდან რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ფარგლებში გადადგმული და მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის მოსმენას,“ - განაცხადა რუსთავი2-ის იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რუსთავი2-ის იურისტების განცხადებით, ნინო ნიჟარაძის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მის მიერ პარტნიორთა კრება არ მოწვეულა. მათი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი თუ რაიმეთი უკმაყოფილო იყო, მას დავის დაწყებამდე შეეძლო, რომ პარტნიორთა კრება მოეწვია, თუმცა, ნინო ნიჟარაძემ ეს ნაბიჯი მხოლოდ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ გადადგა.

„ახლა პარტნიორთა კრების ჩანიშვნა და ამ საკითხების განხილვა გულისხმობს იმას, რომ მას თავისუფლად შეეძლო, ამ საკითხებზე თუ რამით უკმაყოფილო იყო, მოეწვია პარტნიორთა კრება და მაშინვე არ გაქცეულიყო სასამართლოში. ამიტომ ახლა პარტნიორთა კრების ფარგლებში უნდა ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რა სასარჩელო მოთხოვნებიც აქვს მას მოთხოვნილი სასამართლოში. პარტნიორთა კრება მას არ მოუწვევია, თუ მან არ მიიღო პასუხი და ამით უკმაყოფილო იყო, მას შეეძლო, რომ მოეწვია პარტნიორთა კრება, რომელიც არ გაუკეთებია და მაშინვე წავიდა სასამართლოში,“ - განაცხადა რუსთავი2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები