თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის დამონტაჟებულ სცენაზე, გადახურვა ჩაინგრა. რკინის კონსტრუქცია იმ დროს ჩავარდა, როცა კონცერტის სამზადისი სცენის მიღმა მიმდინარეობდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მიზეზით კულტურულ ღონისძიებებში ცვლილება შევიდა. პირველი კონცერტი პირველის ნახევარზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ის სცენის აღდგენამდე გადაიდო.
ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, კონსტრუქციის მაღლა აწევის დროს ძლიერმა ვიბრაციამ გამოიწვია. ამ წუთებში სცენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ის ტექნიკური ხარვეზია, რომელიც წარმოაჩინა ამ ხმის გამაძლიერებლების დაკიდებამ და აწევამ, იმიტომ რომ გუშინ დამონტაჟდა ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ, იმიტომ რომ მე ექსპოზიციას ვაწყობდი თელავის თეატრის ფოიეში და იქიდან ვადევნებდი თვალს და ეს იყო დაშვებულ მდგომარეობაში და რომ აიწია და ეს სიმძიმეები, ასე ვთქვათ, ავიდა, ეტყობა ვერ გაუძლო, იმიტომ რომ ფაქტიურად, შუა ნაწილი ჩაიზნიქა. ეს არის ალბათ ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ეს ცენტრალურად მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობენ ხოლმე კომპანიები, რომელთაც მასობრივ ღონისძიებებში ასეთი დიდი, მასშტაბური ღონისძიების უზრუნველყოფა აქვთ ხოლმე გამოცდილებაში. მე არ მგონია, რომ ისინი გამოუცდელები არიან, უბრალოდ ხდება ასეთი რამ“ - განაცხადა ფიქრია ყურშიტაშვილმა.
ქალაქის ცენტრში კი დამთვალიერებელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებულ ტექნიკას, ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას იხილავს. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინოები. დღევანდელი დღე მოწვეული მომღერლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
ავტორი: ია გულიაშვილი