23 აპრილი 2024,   21:54
ვრცლად
მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღა - შეხვედრაზე მსჯელობა კვლავ დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა

მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღაზე მსჯელობა კვლავ დაპირისპირებაში და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე რეფორმას ფასადურს უწოდებს და აცხადებს, რომ შედეგად კლანი კიდევ უფრო გაძლიერდება. 

„რა ცვლილებებიც წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, ესენი ადასტურებს რომ ეს პროცესი არ სრული ფარსი, ეს ცვლილება არის  მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური. სასამართლოს თავმჯდომარეები, რომლებიც არიან პირდაპირი კლანის საცეცები სასამართლოს სამართავად და იუსტიციის სკოლა, რომელსაც აკომპლექტებდა, აკომპლექტებს და შემდეგ იქიდან მოსამართლეებად ნიშნავს კლანი, კვლავაც რჩება კლანის პირდაპირი დაქვემდებარების ქვეშ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

რეფორმის მე-4 ტალღით უკმაყოფილოა ოპოზიციაც. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ზოგადი ვითარება, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული შემადგენლობა თუ გადაწყვეტს, რომ რომელიმე მოსამართლე არ მისცეს პასუხისგებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვადის მანძილზე, პრაქტიკულად მოსამართლე ხდება სრულიად იმუნური,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

მმართველ გუნდში კი კრიტიკას შემხვედრი ბრალდებებით პასუხობენ და ამბობენ, რომ ანა დოლიძე დისკუსიაში შეგნებულად არ მონაწილეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს რომ საკითხების განხილვას 5 დღე დაეთმო, თუმცა ანა დოლიძე შეხვედრებს არ ესწრებოდა. 

„5 სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი 2-დღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად, ყველა მხარე იყო ჩართული ამ განხილვებში, გარდა ქალბატონი ანა დოლიძისა. 5 დღიდან, მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და იმ ერთი დღიდან, ნახევარი დღე იყო აუზზე. ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მის განცხადებას სერიოზულად ვერ მოვეკიდები. გვქონდა საკმაოდ განსხვავებული პოზიციები. თავიდანვე, როდესაც ჯერ კიდევ, დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა მოვახერხეთ საბოლოო ჯამში კონსესუსის მიღწევა ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია. 

„არსებობს ბევრი საკითხი, რომელზეც უკვე მხარეებს მიღწეული გვაქვს კონსენსუსი, თუმცა არსებობს რიგი საკითხები, რომელიც არის დარჩენილი დღის წესრიგში და მანამდე, სანამ გვექნება სასამართლოები, სადაც მოსამართლეებს ნაშთად აქვთ 800 და 1000 საქმე, ეს საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება და არც უნდა მოიხსნას,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

 

დღის ამბები