19 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
"ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც "ოცნება" და ივანიშვილი აწარმოებენ, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე რუსეთთან მიმართებაში" - სალომე სამადაშვილი

„ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მრავალი წელიწადია, აწარმოებენ, როგორც აზერბაიჯანთან მიმართებაში, ასევე რუსეთთან მიმართებაში,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, გააკეთა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარე მოვლენებს სალომე სამადაშვილი არჩევანის ეთერში აფასებს.

მისი თქმით, კერძო ინტერესებს ეწირება სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა.

„ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან და მეზობელთან, არის დღეს დასული ძალიან დაბალ ნიშნულზე. ეს მოხდა სწორედ კორუმპირებული, კერძო ინტერესების შედეგად და იმ ინტერესების, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, საქართველოში რუსული გაზის და რუსული ენერგომატარებლების დაბრუნების ამოცანას, რომელსაც უკვე მრავალი წელიწადია, ცდილობს ქართული ოცნება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან დღეს დაძაბულობის კერის წარმოქმნა „უფრო დიდი თამაშის ნაწილია“.

ენმ-ის წევრი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებსაც ეხმაურება, რომელიც დავით გარეჯსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში გააკეთა.

სამადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს უნდა ეცადა, რომ „პოტენციური კონფლიქტი“ თავიდან აერიდებინა და არა გაემწვავებინა. 

სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს "ივანიშვილის თამაშში".

„ამავე დროს, არანაირი კონსპიროლოგიური აზროვნება არ არის, ჩვენ ვიფიქროთ ის, რომ ის ამავე დროს სახელმწიფოს დარტყმას აყენებს გამიზნულად. ამის განხილვაში არ შევალ, გამიზნულად ხდება ეს თუ არა, მაგრამ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე მერამდენედ აზიანებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, ეს არის ფაქტი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები