20 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
ლარი ისტორიულ მინიმუმზეა - ეკონომიკის ექსპერტები ფასების მატებას პროგნოზირებენ 

რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - ეკონომიკის ექსპერტები ლარის ისტორიულ მინიმუმამდე ვარდნის პარალელურად, სხვადასხვა სახის პროდუქტზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფასების ზრდა გარდაუვალია და ის მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიას განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო, განსაკუთრებით რთული ვითარებაში იმყოფებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. მისი თქმით, თუკი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი დროულად და ეფექტურად არ იმუშავებს, ქვეყანა კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.  

„ზევით ადის, როდესაც ტურისტების ნაკადი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ტურისტები შემოდიან და შემოდიან ტურისტები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. ესეიგი საკმაოდ რთული ვითარებაა და ალბათ გაცილებით უარესს უნდა ველოდეთ ოქტომბერ-ნოემბერში. ამიტომ, დროულად თუ არ იმუშავა ერთობლივად ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა, შეიძლება საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩავდგეთ. აქვე, ხაზია გასასმელი იმაზე, რომ საკმაოდ არის გაძვირებული ნავთობ პროდუქტებზე ფასი, ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება სადისტრიბუციო ბიზნესზე და ესეც, რა თქმა უნდა, პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის და ესეც აისახება გაძვირებაზე“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მედიკამენტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ ჯანდაცვის ექსპერტებიც. 

„ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელი არის საშუალოდ, 22%, ჯანდაცვაზე და მედიკამენტებზე არის 37%. ანუ, ყოველთვის უფრო მეტად იზრდება ფასები მედიკამენტებზე და ეს არის ბოლო 5-6 წლის ტენდენცია, ვიდრე იგივე საკვებ პროდუქტებზე, ვიდრე რესტორნებზე, გართობაზე და ა.შ." - განაცხადა სერგი ჩიხვაძემ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში საწვავის ფასის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ ლარი დასტაბილურებას არ დაიწყებს.

„საწვავის ფასი საქართველოში დამოკიდებულია ორ მთავარ ფაქტორზე, ერთი არის საერთაშორისო პლაცის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე და მეორე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საშუალოდ, ბოლო 40 დღის განმავლობაში, საწვავის ფასი არის საცალო ქსელში, 20-25 თეთრით გაზრდილი და მინდა გითხრათ, რომ ფასის მატება დაკავშირებული იყო იმ პროცესებთან, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ფასების მატებას პლაცის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე. თუ სავალუტო ბაზარზე ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვალა, რა თქმა უნდა, ეს დამატებით გავლენა იქნება და დამატებითი წნეხი იქნება იმ მიმართულებით, რომ ფასი მოიმატებს“ - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები