13 დეკემბერი 2019,   06:35
ვრცლად
დაკავებები ბათუმის მერიაში - ტენდერში გაამარჯვებინეს კომპანიას, რომელმაც ყალბი დოკუმენტები წარადგინა

მასშტაბური დაკავებები  ბათუმის მერიაში - მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. საუბარია ტენდერებზე, რომელიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. 2015 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი იყო, ბათუმის მერიამ მერიის სოციალურ პროექტ "იაფ სახლთან" დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში, რომელიც შეფასებული იყო 4 მილიონ ლარად, აზერბაიჯანულმა კომპანია "კონვენტ ჯორჯიამ" გაიმარჯვა, რომელმაც ყალბი დოკუმენტები წარადგინა. 

საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის ყოფილმა  მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა წინასწარ შეარჩიეს "კონვენტ ჯორჯია", რომელმაც ყალბი დოკუმენტები წარადგინა და ტენდერში გამარჯვებული გახდა. დაკავებულებს შორის არიან ის პირები, რომლებიც სატენდერო კომისიის მუდმივმოქმედი წევრები იყვნენ. ირკვევა, რომ მათ აზერბაიჯანულ კომპანიას ყალბი დოკუმენტების გამო დისკვალიფიკაციაც მისცეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მათ "კონვენტ ჯორჯია" ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს.

პროკურორის განცხადებით, საბანკო გარანტია "კონვენტ ჯორჯიას" უცხოური ბანკისგან  ჰქონდა წარდგენილი. საგამოძიებო უწყების ცნობით, როდესაც გიორგი ერმაკოვის დავალებით, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა გადაამოწმეს ბანკი, გაირკვა, რომ ის საფინანსო ორგანიზაცია საერთოდ არ იყო. მიუხედავად ამისა, 4 მილიონიანი ტენდერში "კონვენტ ჯორჯია" მაინც გამარჯვებულად გამოცხადდა.

„ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისთვის და სატენდერო კომისიის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე ბათუმის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შესთავაზეს აღნიშნული კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა სწორედ ზემოთხსენებული კომპანიის მიერ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ელექტრონული ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“.

მიუხედავად იმისა რომ ტენდერში მონაწილეობისას „კონვენტ ჯორჯიას“ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და არსებობდა კომპანიის უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები, უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა პრეტენდენტს და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ისე რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას.

ბათუმის მერის გ.ე-ს დავალებით, დიდი ბრიტანეთში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“-ის სანდოობის, გადახდისუნარიანობის და რეიტინგის შესწავლა დაევალა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ა.ვ-ს, რომლის მიერაც მოპოვებული ინფორმაციებით დადგინდა, რომ დასახელებულ კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედოობაზე.

ნაცვლად იმისა, ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით,“- ამბობენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ყოფილმა მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, რომ "კონვენტ ჯორჯიამ" ყალბი დოკუმენტები წარადგინა, მას მილიონ ლარზე მეტი ავანსის სახით მაინც ჩაურიცხეს, თუმცა კომპანიამ სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

„ბათუმის მერის, საფინანსო სამსახურის უფროსის ე.ლ,-სთვის და საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ა.ვ-სთვის ცნობილი იყო „POINT BANK LTD“-ის არასანდოობა და ის ფაქტი, რომ გარანტიის გამცემი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, „კონვენტ  ჯორჯიას“ მაინც უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1 626 396,20 ლარის ოდენობით, საიდანაც უსფკონვენტ  ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი და სხვადასხვა რგოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა უსფპკონვენტ ჯორჯიასათვის“ უპირატესობის უკანონოდ მინიჭებაში და საავანსო თანხის უსაფუძვლოდ ჩარიცხვაში, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით 1 370 076,00 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი,“ - განაცხადეს პროკურატურაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები