06 დეკემბერი 2019,   12:13
ვრცლად
სააკაშვილი უკრაინაშია - საქართველოს პროკურატურა კი კვლავ მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებაზე ალაპარაკდა

მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურას საქართველოს პროკურატურა ისევ აგრძელებს. განცხადება საგამოძიებო უწყებაში დღეს გაკეთდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი არ შეწყვეტილა და მის გადმოცემას საქართველოს მთავრობა ისევ ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საქმე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნდა და ის კიევში ჩავიდა.

მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი გახდა, მედიასთან პირველად გამოჩნდა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა. ამიტომ, უცნობია, როგორ აპირებს საგამოძიებო უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებას. შალვა თადუმაძე მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა და თქვა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

საქართველოს პროკურატურის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევიდან გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვა, ოღონდ როგორც თავისუფალი მოქალაქე. სააკაშვილის განცხადებით, მისი ექსტრადირების საკითხს არც ერთი ქვეყანა არ განიხილავს, რადგან ყველამ იცის, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებაზე ხელახლა დაწყებული საუბარი ხელისუფლების მხრიდან შიშის გამოვლინებაა. დეკანოიძის განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მოქმედ მთავრობას არ უნდა და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს. ერთ-ერთი 2017 წლის ინციდენტია, როდესაც იმდროინდელ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პრანკერმა, ალექსეი სტოლიაროვმა დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად გააცნო და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ ესაუბრა.

9-წუთიან ჩანაწერში პრანკერი, მისივე მტკიცებით, გიორგი მღებრიშვილს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას, ხოლო პოროშენკოს ხელისუფლება მის დაკავებას და საქართველოსთვის გადმოცემას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე უკრაინას საქართველოს ხელისუფლებამ ორჯერ უკვე მიმართა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო.

დღის ამბები