24 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
სიტყვა "შეკრება", "ქურდული გარჩევის" ნაცვლად - ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ქურდული სამყაროს გაძლიერების მცდელობაზე საუბრობს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი - დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლის დამნაშავე ხდება უკანონო შეკრების როგორც აქტიური, ასევე პასიური მონაწილე. თუმცა, კანონში არ არის დაკონკრეტებული, რას ნიშნავს უკანონო შეკრება. 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის დემარშით წასულ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, ეჭვი აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ კანონპროექტში რამდენიმე მუხლის გაპარებას ცდილობს. ოფიციალურად, გახარიას უწყებამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტს კრიმინალურ სამყაროსთან და ქურდულ გარჩევებთან ბრძოლის მოტივით წარუდგინა, თუმცა ეს ნორმა ეჭვს აჩენს, რომ ცვლილებებს ხელისუფლება ხალხის წინააღდეგ გამოიყენებს და იმ მოქალაქეებს დასჯის, ვინც მთავრობისთვის არასასურველ თემაზე, ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად გამოვა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ”ქართული ოცნება” ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გარიგებულია და კრიმინალებს ყველა არჩევნებზე ხალხის დასაშინებლად იყენებს. დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტის კანონად მიღების შემდეგ, მას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა უმრავლესობაც ადასტურებს, რომ ჩანაწერი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის დამატებაზე მსჯელობას დეპუტატები უკვე მეორე მოსმენით გააგრძელებენ. კანონპროექტის მიხედვით, უკანონო შეკრებაში მონაწილეობა 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

დღის ამბები