აჭარაში, მასშტაბურ კორუფციულ სკანდალზე დაკავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ. შვიდივე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
გამოძიება მილიონ-ნახევარი ლარის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს, ბათუმის მოქმედ ვიცე მერს, ფინანსთა და განათლების მინისტრების ორ მოადგილეს და მერიის 3 მაღალჩინოსანს ედავება.
საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის “იაფი სახლის” ტენდერს ეხება.
გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.
მერიის თანამშრომლის ეგარსლან ლომაძეს ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, ტენდერში კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ გამარჯვებისთვის ყველა დოკუმენტი არსებობდა და პროცედურები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
"ბრალდებული აცხადებს, რომ ის არის უდანაშაულო დაკავების განჩინებიდან ირკვევა , რომ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და გაფლანგვას შეიძლება შეედავოს სახელმწიფო ბრალდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლომაძეს, ის აცხადებს,რომ მოქმედებდა ჩვეულებრივი როგორც კომისიის წევრი და მიიღო ის გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო მას,იმ მომენტისათვის, რადგან არსებული დოკუმენტაცია იძლეოდა ამ ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებას. ამ მხრივ თვლის, რომ მისი დაკავება უკანონოა,“-აცხადებს დაკავებულის ადვოკატი დავით ლანჩავა.