25 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
ანაკლიის პორტი - პრემიერის თქმით, ხელისუფლება პროექტის მხარდამჭერია

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლება ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესებულია. მისი განცხადებით, მთავრობამ ვალდებულებაც კი აიღო, რომ 300 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში. პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა ვალდებულებები შესასრულებელი აქვს კერძო კომპანიას. ამიტომ ის ანაკლიის კონსორციუმს მოუწოდებს, რომ პირნათლად შეასრულოს ყველა ვალდებულება.

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 300 მილიონის ინვესტირებას გავაკეთებთ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარად გამოვისყიდეთ ჩვენი მოქალაქეებისგან მიწები, რომელიც გადაეცა და გადაეცემა ნაწილი კონსორციუმს. მესამე - ავიღეთ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ მოხდეს ამ პორტის თანადაფინანსება. მივიღეთ მონაწილეობა და დავეხმარეთ კონსორციუმს, რომ ყველა წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონოდა ის თავის პრიორიტეტულ ნუსხაში. ამის შემდეგ ჩნდება ობიექტური კითხვა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არის ასეთი მხარდაჭერა, რა რჩება იმისთვის, რომ მოხდეს სტრატეგიული პროექტის რეალიზაცია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ფოთის პორტის მშენებლობის საკითხზეც ისაუბრა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნებართვა რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა, რადგან ის არ იყო შეთანხმებული მინისტრთან და ასევე სამართლებრივი ხარვეზებით იყო შედგენილი და შესაბამისად, გაუქმდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სსიპ-ს შესაძლოა, ჰქონდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის გაცემის საშუალება, პირველი - ის არ შეთანხმდა მინისტრთან, მეორე - ის იყო სამართლებრივად ხარვეზიანი და მოხდა მისი გაუქმება. აქედან გამომდინარე, ნებართვას რომ ამბობთ, ნებართვამდე საქმე ვერც მივიდოდა. კომერციული რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე არის ძალიან მძიმე და ცუდი პრაქტიკა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები