19 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
გამოძიებას მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არ აქვს - სუს-ის უფროსი პროკურატურას ელოდება

გენერალური პროკურორის დაცვის სამსახურის თანამშრომლები „კურიერის“ ჟურნალისტს ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც კორესპონდენტმა კითხვა შალვა თადუმაძეს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე დაუსვა. გენერალური პროკურორისთვის არასასურველი კითხვის დასმის გამო, შალვა თადუმაძის დაცვა ჟურნალისტს და ოპერატორს ტერიტორიის დატოვებას ძალის გამოყენებით აიძულებდა.

შალვა თადუმაძე, რომელიც მედიასთან კომენტარს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, თითქმის, არასდროს აკეთებს, დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. გენერალურ პროკურორს „კურიერმა“ ჰკითხა, რა ეტაპზეა გამოძიება მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, ზედამხედველობას კი პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს.

კითხვები, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ, დასტურდება თუ არა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რატომ არ გამოკითხა პროკურატურამ სოსო გოგაშვილი და რატომ არ წარედგინა ბრალი უმძიმესი დანაშაულის მომზადების ფაქტზე თუ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს მაჩალიკაშვილს, თადუმაძემ უპასუხოდ დატოვა. კომენტარი არც მისმა მოადგილემ გააკეთა.

მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში სუს-მა საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე კვირის წინ ღიად დაადანაშაულა. გამოძიების ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ტერორისტულ აქტს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე გეგმავდა. უწყებამ ამის დასადასტურებლად აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში უმძიმესი დანაშაულის მომზადების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, არ დაუსახელებია არც დანაშაულის იარაღი და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის არც ბრალი წარუდგენიათ.

სუს-ის უფროსი „კურიერთან“ ადასტურებს, რომ მაჩალიკაშვილის წინაღმდეგ ბრალის წარდგენისთვის საკმარისი მტკიცებულებები გამოძიებას არ აქვს. თუმცა, ვახტანგ გომელაური არ პასუხობს კითხვას, რატომ დაადანაშაულა მისმა უწყებამ საგანგებო ბრიფინგზე მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადებაში მტკიცებულებების გარეშე.

ამ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ სუს-ი მის დისკრედიტაციას ცდილობს. 

დღის ამბები