20 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
144 კაციანი სია - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზიას ის მოსამართლეებიც აცხადებენ, რომლებიც პირველ სკანდალურ სიაში იყვნენ

გენერალური პროკურორი, მისი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე იმ 144 ადამიანს შორის არიან, ვინც უზენაეს სასამართლოში მოხვედრას ცდილობს. სწორედ ეს სამი მაღალჩინოსანი განიხილება ოპოზიციის მიერ სასამართლო სისტემაში ბიძინა ივანიშვილის გავლენის მთავარ ინსტრუმენტებად, მაგრამ ამით ჩამონათვალი არ მთავრდება. პირველი, სკანდალური სიიდან, რომელსაც "ქართული ოცნების" გახლეჩა მოჰყვა, განაცხადი 8 მოსამართლემ ხელახლა წარადგინა.

უარი მეორე შანსზე თქვა მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისა და პოლიტიკური ხელისუფლების გეგმა უცვლელია - უზენაესი ინსტანცია საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დააკომპლექტონ. ფარული კენჭისყრის პირობებში კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ გეგმას სისრულეში მარტივად მოიყვანს.

არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ 144 პრეტენდეტნს შორის ღირსეულებიც არიან, თუმცა მათ ნაკლები შანსი აქვთ. კოლეგებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს არ ელოდება არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. საბჭოს მდივანი კი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე ბედს უკვე მეორედ ცდის, ფიქრობს, რომ კრიტიკოსები უარგუმენტო ბრალდებებით უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესს აზარალებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზიას აცხადებს ზურაბ აზნაურაშვილიც, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სიაში ქეთევან ცინცაძეს - სასამართლოს პირველი დამოუკედებელი ინსპექტორი, რომელიც ჯერ მხოლოდ ერთი წელია ამ პოსტს იკავებს. ვინ იქნება 20 რჩეული - ეს უახლოეს კვირებში გაირკვევა. იუსტიციის საბჭოში განაცხადების პირველადი გადარჩევის პროცესი დღეს დაიწყო. 

დღის ამბები