20 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
ნანა კოსტავამ დაანონსებული გადადგომა გადაიფიქრა - "კურიერის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების უკან ქუთაისის მერი დგას 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ დეპუტატი, თვითმმართველობის ორგანოში რჩება. ნანა კოსტავამ წასვლა შაბათ-კვირას გადაიფიქრა. კოსტავა, რომლის გადადგომას საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა და საკუთარი ფრაქციის წევრებიც გაემიჯნენ, ისევ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია. თავად, კამერების წინ არ ჩნდება და უარს ამბობს განმარტოს მისივე სიტყვები.

დეპუტატის წინააღდეგ ხალხი ხელმოწერებს უკვე სამი დღეა აგროვებს. პეტიციას, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით 2 ათას 300-მდე მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი. ნანა კოსტავა საკრებულოდან წასვლას პარასკევს აანონსებდა, თუმცა უქმეეზე პოზიცია შეცვალა ან შეაცვლევინეს. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ დეპუტატ ნანა კოსტავას, ქუთაისის მერი ლობირებს, რომელიც გუშინ საკრებულოს სკანდალურ წევრთან სახლში მივიდა და მას წასვლა გადააფიქრებინა. ბრალდებას გიორგი ჭიღვარია უარყოფს.

საკრებულოს ოპოზიცია მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კი, რომელიც კოსტავას თანაფრაქციელია, ამბობს, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას! ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ მოთხოვნას ინტერნეტში შეუერთდეს. პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება manifest.ge-ზე მიმდინარეობს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები