25 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
"დამტვრეული აქვს სახის ძვლები" - კლიენტს და "თიბისი ბანკის" ოპერატორს შორის დაწყებული შელაპარაკება, კლიენტის ცემით დასრულდა

კლიენტს და "თიბისი ბანკის" ოპერატორს შორის დაწყებული შელაპარაკება, კლიენტის ცემით დასრულდა. დაზარალებული ცემაში ბანკის დაცვის თანამშრომელს ადანაშაულებს. მამაკაცის მტკიცებით, მას ე.წ. კასტეტი ჩაარტყეს სახეში, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანება მიიღო.

მამაკაცს ამ დროისთვის ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. პაციენტს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს.

"მსუბუქი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ ოპერატორთან, ამ დროს შემოვიდა დაცვა, რომელმაც ძალით გაიყვანა "თიბისი ბანკიდან", შემდეგ მიაყენა ძლიერი დარტყმა. როგორც ჩანს ხელით არა, რადგან იმდენად ძლიერი მტვრევადობა აქვს, რომ ეს ხელით არ იყო. ხელზე როგორც ჩანს მძიმე ნივთი ეკეთა. სახის ძვლები აქვს მოტეხილი,"-განაცხადა დაზარალებულის მეუღლემ, თამუნა ხელაძემ. 

"თიბისი ბანკში" კი აცხადებენ, რომ მამაკაცი სწრაფი გადახდის აპარატზე გაბრაზდა და თავად მიაყენა ოპერატორს შეურაცხყოფა. მას კრედიტოფიცერი გამოესარჩლა და მამაკაცს სახეში ხელი გაარტყა.

"თიბისი ბანკში" არ ადასტურებენ, რომ მამაკაცის წინააღმდეგ ე.წ. კასტეტი იქნა გამოყენებული. 

დღის ამბები