08 დეკემბერი 2019,   16:56
ვრცლად
ნუ ავწევთ სააკაშვილის წონას, არ მგონია მის გამო ევროპის დედაქალაქში ბახტაძე ზელენსკის ხვდებოდეს - კობახიძე

მამუკა ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში უკვე გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. მმართველი გუნდის წევრებისთვისაც დაუგეგმავი ვიზიტის დღის წესრიგი უცნობია.

თუ ზელენსკი და ბახტაძე სასტუმროში ერთმანეთს მაინც შეხვდნენ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე განხილვის საგანი ვერ იქნება სააკაშვილის ექსტრადირება და ის არც იმსახურებს ასეთ რანგში აყვანას.

„ვერ გეტყვით, მე ინფორმაცია არ მაქვს, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, მთავრობის წარმომადგენლები გაგცემენ პასუხს, თუ შედგა ასეთი შეხვედრა პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს იმდენად აქტუალური, რომ მის გამო სადღაც ერთ-ერთი ევროპის დედაქალაქში ერთმანეთს ხვდებოდნენ ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი. ასე ნუ ავწევთ, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის წონას, რომელიც მას პრინციპში, საერთოდ არ აქვს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ნუკრი ქანთარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მომხრეა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის დასასმელად ყველა ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული.

„აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ძებნილი, უკვე ზოგიერთ საკითხში მისჯილი ადამიანი ახლა „გულაობდეს“ უკვე პასპორტით უკრაინაში. ამიტომ, ეს საკითხი უნდა დადგეს და წერტილი დაესვას ერთხელ და სამუდამოდ და ჩამოყვანილი იქნას იქ, სადაც უნდა ჩამოვიდეს. ასე რომ, ამაში ვერ ვხედავ ვერავითარ გაკვირვების საფუძველს,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

დღის ამბები