14 დეკემბერი 2019,   15:22
ვრცლად
ეს არის ერთი ჯგუფი, ერთნაირად მოწყობილი ტვინით - ოპოზიცია პრეიზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება

მთავრობა და პრეზიდენტი ერთი მთლიანი ჯგუფია - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრების თქმით, პრეზიდენტის პრესსპიკერის დღევანდელმა კომენტარმა ცხადყო, რომ სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლასა და იქ გაკეთებულ განცხადებებში ხელისუფლება იყო ჩართული. 

სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გარეჯში ჩასვლა და იქიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები ქვეყნის მთავრობასთან იყო შეთანხმებული.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პრეზიდენტი და მთავრობა ერთი მთლიანი ინსტიტუტი და ერთი მთლიანი ჯგუფია.  

გიგი უგულავა-ის სურათის შედეგი

პრესსპიკერის დღევანდელი განცხადება იყო, ნაწილობრივ, ბურთის გადაგდება და მთავრობაზე შეტენვა, თუმცა ისევ ვიმეორებ, საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით გამოყოფს როგორც ცალკე ინსტიტუტს ან ცალკე პოლიტიკოსს "ქართული ოცნებისგან". ეს არის ერთი ჯგუფი, ერთნაირად მოწყობილი ტვინით. ნაწილობრივ, ხშირად არის ეს მავნებლობა, ხშირად არის ეს უვიცობა, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები ჩვენ აღარ გვცემენ პატივს, მტრებს ჩვენი აღარ ეშინიათ,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმიისტრაცის განცხადებით, შესაძლოა, იკვეთებოდეს, რომ ეს მიზანმიმართული, პროვოკაციული ნაბიჯი იყოს. 

ნინო გოგუაძე-ის სურათის შედეგი

„დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ ამაში თავიდან ბოლომდე ჩართული ყოფილა აღმასრულებელი ხელისფლება, ქვეყნის პრემიერმინისტრი. ეს მხოლოდ ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საერთოდ კომპეტენცია არ გააჩნია ამ ხელისუფლებას და არ იცის ,როგორ აწარმოოს მოლაპარაკებები თავის სტრატეგიულ პარტნიორ და მეზობელ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და მეორე უფრო მძიმე რამ შეიძლება გამოდიოდეს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავების მიმართულებით“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმებულად მოქმედებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. რომან გოცირიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი და მთავრობა ახლა ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„ამ ყაიდის პრეზიდენტს არ აქვს საგარეო საკითხებში მოლაპარაკების წარმართვის უფლება, მთავრობის ნებართვის გარეშე. თუკი მან ეს გააკეთა, ეს უკვე არის იმპიჩმენტის თემა. როგორც ჩანს, რაღაც გამოსავალს ეძებენ და მთავრობა და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ მისი ეს განცხადებები არ ყოფილიყო რაღაც თვითნებობა, რომელმაც შექმნა სერიოზული დაძაბულობა და პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, რომ ეკისრება ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ხელისუფლება ინაწილებს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობას და გარკვეულწილად, როგორც ჩანს, გადაეფარა მას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვითარება გარეჯში სწორედ მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალომე ზურაბიშვილი სადავო ტერიტორიაზე ჩავიდა, მესაზღვრეებთან ფოტო გადაიღო და დელიმიტაციის შესახებ განცხადება გააკეთა. 

დღის ამბები