25 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
პრემიერის გასაიდუმლოებული ვიზიტი ბრიუსელში - ბახტაძე ზელენსკისთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრას ცდილობს

მამუკა ბახტაძის გასაიდუმლოებული ვიზიტი ბრიუსელში კრახით დასრულდა. პრემიერს ადგილზე "კურიერის" კამერა დახვდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრემიერი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

ბახტაძის ესკორტი სასტუმროშიც კი უკანა შესასვლელთან მივიდა, თუმცა უშედეგოდ. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ბახტაძე იმ დროს დააფიქსირა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის ელოდებოდა. უბრალო დამთხვევა თუ მამუკა ბახტაძე საგანგებოდ გაჩერდა სასტუმრო "ლა ფაბრიკაში",  სადაც უკრაინის პირველი პირი დაბინავდა, საქართველოს საელჩოს პასუხი არ აქვს, თუმცა ბრიუსელში მოულოდნელად გამგზავრების გადაწყვეტილება აჩენს ვარაუდს, რომ ბახტაძე ზელენსკისთან არაფორმალურ გარემოში ცდილობს შეხვედრას.

პრემიერის ბოლო წუთს გადაწყვეტილი ვიზიტის და ბრიუსელში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მისი მონაწილეობის შესახებ მედიამ არაფერი იცოდა. პრემიერის პრესსამსახურმა სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ბახტაძის კორტეჟი "კურიერმა" გადაიღო. თუმცა საქართველოს საელჩო ბრიუსელში ვერ აკონკრეტებს, რატომ მივიდა პრემიერი სწორედ იმ სასტუმროში, სადაც ვოლოდიმერ ზელენსკი ცხოვრობს და რის თქმას ცდილობს მამუკა ბახტაძე უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტისთვის.

საქართველოს საელჩო ბელგიაში ამტკიცებს, რომ პრემიერი, რომელიც ამერიკაში მიფრინავდა, ბრიუსელში საგანგებოდ ჩავიდა, ევროკავშირის დედაქალაქში ამერიკის საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მიღებაზე დასასწრებლად. ამავე ღონისძიებას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტიც.

არის თუ არა პრემიერის ნაჩქარევი და საიდუმლო ვიზიტის მთავარი მიზანი, ვლადიმერ ზელენსკისთან სააკაშვილი შესაძლო ექსტრადირების განხილვა, შეფასებები ამ თემაზე თბილისში გაკეთდა. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქის ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. ამიტომ ის, ვარაუდობს, რომ მამუკა ბახტაძის ზელენსკისთან შეხვედრის სურვილი მხოლოდ მისი საჭიროების ხაზგასმას ემსახურება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები