14 დეკემბერი 2019,   15:26
ვრცლად
ეს არის არჩევანი ნათელ მომავალსა და ბნელ წარსულს შორის - ნოდარ ხარშილაძე

„ჩემი აზრით, ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა, ყველაზე პროფესიონალური პარტიაა, რაც დღეს არსებობს. იქ არიან ძალიან მაღალი პროფესიონალი ადამიანები, ელენე, სერგი, ოთო, ზურა“ - ეს განცხადება ნოდარ ხარშილაძემ შალვა შავგულიძის „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანების შესახებ გააკეთა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობის მისვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი აქტივობის შემთხვევაში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება გაუჭირდება. 

„ყველაფერს დახარჯავს ხელისუფლება, ძველი ბიჭები, ქურდები, ფული, დაპირებები... აქ არის მთავარი, მოსახლეობა მივიდეს არჩევნებზე. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის არა "ქართული ოცნების" შეცდომები და არა ის ზრახვები, რომლებიც, სამწუხაროდ, შიგნით დაგროვდა, ეს არის ჩვენი საკუთარი ნიჰილიზმი, ჩვენი საკუთარი უიმედობა, პასიურობა. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. რომ ვნახოთ პირველი ტურის შედეგები, ძალიან დაბალია მისვლა. ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იყიდის არჩევნებს, „გააპრავებს“, თუ ხალხი არ მივა,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ამბობს, რომ არჩევანი დღეს ნათელ მომავალსა და ბნელ „წარსულს შორის“ კეთდება.

„არჩევანი არ არის მარტო კვალიფიციურ ადამიანსა და ადამიანს შორის, რომელმაც უბრალოდ სცადა არა ერთხელ პარლამენტში შესვლა, ეს არ არის არჩევანი ასევე რეფორმისტის გუნდსა და ხელისუფლებას შორის, რომელმაც ჭაობში ჩაგვაგდო. ეს არის არჩევანი ნათელ მომავალსა და ამ ყველაფერს შორის. ასე თუ გაგრძელდა, მართლა ვერაფერი ვერ გვეშველება და ჩვენი ბრალი იქნება ეს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

 ნოდარ ხარშილაძის თქმით, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები სულ უფრო ინტენსიურად ტოვებენ "ქართულ ოცნებას". 

„ეს არის ნათელ მომავალსა და ბნელ წარსულს შორის არჩევანი. ჩვენ თუ არ გვინდა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გადაიფორმოს ბატონმა ბიძინამ და შპს ივანიშვილი გახდეს საქართველო, მაშინ ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ნება გვაქვს და სიტყვა გვეთქმის ამ ყველაფერში. ჩვენ ჩვენით ვაშენებთ ჩვენს მომავალს და ჩვენ აუცილებლად ავირჩევთ იმას, ვინც არის ღირსეული, პროფესიონალი და ვინც იმსახურებს, რომ იყოს საქართველოს პარლამენტში,“- აცხადებს ხარშილაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები