18 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
„ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული“ - "ავიატორის" დირექტორი

„ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული“ - ამის შესახებ კომპანია „ავიატორის“ დირექტორმა განაცხადა. მან მედიასთან რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, ტექნიკურად გამართული იყო. გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, საფრენ აპარატს ბოლო შემოწმება 22 მაისს ჩაუტარდა.

მისი განცხადებით, პილოტი, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, შემთხვევამდე სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, საიდანაც თანაშემწესა და „რუსმსის“ კიდევ ერთ თანამშრომელთან ერთად ანგარში წავიდა, სადაც ვერტმფრენებია განლაგებული. კომპანიის დირექტორის თქმით, სწორედ იმ ადგილიდან გაფრინდა სასტუმროში ვერტმფრენი.

ამ ეტაპზე არც „ავიატორის“ წარმომადგენელებს, არც შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს არ აქვთ პასუხი, რატომ ჩამოვარდა ვერტმფრენი და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

„ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული და მას არანაირი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონდა. ვერტმფრენის ტექნიკური მომსახურება შესაბამისი დადგენილი წესებისა და რეგლამენტების მიხედვით ტარდებოდა. ამ ვერტმფრენით ჩვენ ვასრულებდით კომერციულ ფრენებს. პილოტთან ერთად ხშირად დაფრინავდნენ ჩვენი თანამშრომლები და ასევე სასტუმროს თანამშრომლები იმისთვის, რომ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ტექნიკას და უფრო ადვილად აეხსნათ მომსახურების შესახებ ჩვენი სტუმრებისთვის და ამ მიზნით იყო სასტუმროს თანამშრომელი ბორტზე,“ - განაცხადა „ავიატორის“ დირექტორმა, გიორგი მოლოდინაშვილმა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი პილოტი. გარდაცვლილების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. კატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები