19 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
დაპირისპირება ახალქალაქში - სამართალდამცველებმა პოლიციის თანამშრომლები გამოკითხეს

გენერალურმა ინსპექციამ ახალქალაქში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის მომხდარი  დაპირისპირების შესწავლა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები, მათ შორის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

უწყების ცნობით, გუშინ ახალქალაქში სამართალდამცველებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.

ადგილობრივები მედიასთან პირად საუბრებში, საპირისპირო ვერსიაზე საუბრობენ. ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ამახვილებენ ყურადღებას."jnews"-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანდა, რომ სამართალდამცველებმა მამაკაცი ავტომობლიდან გადმოათრიეს და მისი დაკავება სცადეს.

შსს-ში დღეს განაცხადეს, რომ საქმის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 6 ივნისს, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამსახურეობრივი შესწავლა დაიწყო. გუშინ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალქალაქში პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (ასკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით 2 მოქალაქე დააკავეს. მოგვიანებით ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე პოლიციამ გაათავისუფლა. მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, ასევე მედიასაშუალებებში გავრცელდა ინციდენტის და დაკავების ამსახველი ვიდეომასალები, რასაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა.

"გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებული მოკვლევის ფარგლებში მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვები, მათ შორის გამოიკითხა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მოქალაქეთა მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ განხილვა სასამართლოში გაგრძელდება," - აცხადებენ შსს-ში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები