14 ოქტომბერი 2019,   15:47
ვრცლად
„თალაკვაძისთვის არ არის კომერციული საიდუმლოება?" - ბოკერია "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე თურნავას მიმართავს

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. ოპოზიციას შეკითხვები "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებასაც შეეხო.

გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროება სთხოვა. მინისტრმა კი განაცხადა, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა, შესაბამისად მას ამის უფლება არ აქვს. 

„თალაკვაძისთვის არ არის კომერციული საიდუმლოება? ბატონმა თალაკვაძემ საიდან იცის, რომ უკეთესი პირობები მივიღეთ ბიუჯეტისთვის, თუ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის?  ჩვენ რატომ არ ვიცით?  თუ ამის გამოსწორებაზე თანახმა ხართ, ხართ თუ არა თანახმა პარლამენტმა მიიღოს ამ კონტრაქტის შესახებ სრული ინფორმაცია?“ - იკითხა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას შეფასებით, თუ ხელშეკრულების პირობები საიდუმლოა და თალაკვაძეს არ აქვს ცნობები დეტალების შესახებ, მაშინ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეცვლილი პირობებით განახლებული ხელშეკრულება, საქართველოსთვის მომგებიანია, ტყუილია.  

მინისტრმა ბოკერიას პასუხად განაცხადა, რომ თალაკვაძეს კომერციული პირობების შესახებ არ უსაუბრია და ამ ინფორმაციის გამხელის უფლება მას არ აქვს.

ნათია თურნავას განცხადებით, 95% გაზი აზერბაიჯანულია და უსაფრთხოების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. მისივე შეფასებით, ხელშეკრულების უარესი პირობები საქართველოს რუსეთმა დაუწესა.

ნათია თურნავამ ასევე განმარტა, რომ მის გუნდთან კონსულტაციას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ ეცდება პარლამენტს მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესახებ. 

დღის ამბები