19 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები, პირად საუბრებში ყვებიან, რომ პატრულის თანამშრომლების ეშინიათ

დაპირისპირება ახალქალაქში - მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

გამოძიებას ჩვენებას აძლევენ როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივები. პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაზე თვითმხილველები კამერასთან საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში პირდაპირ აცხადებენ, რომ პატრულის თანამშრომლების ეშინიათ, რადგან მათი მხრიდან მოქალაქეები ფიზიკური ძალის გადამეტების მსხვერპლი არიან.

მათი თქმით, დაპირისპირებაც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებამ გამოიწვია. თვითმხილველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის უფროსი იყო მისული, რომელმაც პირობა დადო, რომ შეისწავლიან კამერების ჩანაწერებს. ასევე, დაპირების თანახმად, თუ გამოძიება პოლიციის მხრიდან ძალისა და უფლებამოსილების გადამეტებას დაადგენს, კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ მძღოლი გააჩერა. მისი დაჯარიმებისას კი რამდენიმე ადგილობრივმა პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობაც გაუწია.

დღის ამბები