23 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
გზავნილი კოდუების ოჯახს - ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი შესაძლოა, გაფრთხილება იყოს

"ლილო სითის" მფლობელი ლაურა ღაჭავა, რომელიც ძმებ კოდუების დედაა, არ გამორიცხავს, რომ ხანძარი მასზე დაწყებული ზეწოლის ნაწილია. დამწვარი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, ღაჭავამ პირდაპირ თქვა, რომ უამრავი საეჭვო გარემოება არსებობს.

ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ მის ოჯახზე ორი კვირის წინ ზეწოლა ახალი ძალით დაიწყო. „ლილო სითიში“ ღამის 04:00 საათზე ფინანსური პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა შევიდა. მომდევნო დღეებში ანალოგიური შემოწმება დაიწყო მის ყველა კომპანიაში. მოულოდნელად ჩატარდა რევიზია, ამოიღეს ყველა ბუღალტრული დოკუმენტაცია, ყადაღა დაადეს ანგარიშებს. ლაურა ღაჭავას ეჭვი აქვს, რომ მას ხელოვნურად აკოტრებენ.

ერთ-ერთი საწარმო, რომელიც ყადაღის გამო გაჩერდა, სამკერვალო ფაბრიკაა. ამ სამკერვალო მანქანებით რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მონკლერის სამოსს კერავდნენ, ახლა ფაბრიკა გაჩერდა 250 ადამიანი კი უმუშევრად დარჩა.

„ჩაინა ლილო სითის“ დირექტორს, ზვიად ქირიას ეჭვი აქვს, რომ ბაზრობა დაწვეს. კომპანიის დირექტორი ვარაუდბს, რომ „ჩაინა ლილო სითის“ დივერსია მოუწყვეს. არსებობს მოწმეც, რომელმაც ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე ბაზრობაზე მისული ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი მოისმინა.

„ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი, ზვიად ქირია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან უკვე ხუთი წელია, დევნის ობიექტია. მისი თქმით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის დავალებით ერთჯერადი ჭურჭლის საწარმო წაართვეს, შემდეგ კი სხვა ქონებების დათმობას სთხოვდნენ. ზვიად ქირია რეპრესიებში სუს-ს, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს.

სამსაათიანმა ხანძარმა ლილოში 20-ზე მეტი მაღაზია და 1000 კვადრატულზე მეტი სავაჭრო სივრცე გაანადგურა. ზარალს ამ დრომდე ითვლიან. გუშინ ცეცხლი მაღაზიებს ორჯერ მოეკიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები