25 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
პოლიციელებმა დაკავებულ მამაკაცს უმოწყალოდ სცემეს, დანაშაულის დაფარვაში სასწრაფოს ექიმებიც ჩაერთნენ

პოლიციის თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი - სამართალდამცველებმა დაკავებული მამაკაცის ცემა ჯანელიძის ქუჩიდან დაიწყეს. 38 წლის დავით მესტვირიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც 12 წლის შვილის სანახავად ყოფილი მეუღლის სახლთან იმყოფებოდა. დაკავებულის დედა ამტკიცებს, რომ ისნის პოლიციის განყოფილების 4 თანამშრომელი მისი შვილს ჯერ ამ ქუჩაზე შემდეგ, კი პოლიციის ავტომობილში სასტიკად სცემდა.

სასტიკად ნაცემი 38 წლის დავით მესტვირიშვილი, სავარაუდოდ, ძალადობის კვალის დასაფარად თბილისიდან მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.  წინასწარი მოთავსების იზოლატორში მესტვირიშვილს სასწრაფო დახმარება სამჯერ დასჭირდა.

პოლიციასთან ერთად, სავარაუდოდ, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაზიანებები მის სხეულზე დამალეს სასწრაფო დახმარების ექიმებმაც. სამედიცინო დოკუმენტებში სხეულზე პატიმრის მრავლობითი დაზიანებების შესახებ არაფერი წერია, თუმცა ამავე დოკუმენტების მიხედვით, ძლიერი ტკივილის გამო, ექიმებმა დაკავებულს იზოლატორში გამაყუჩებელი საშუალებები გაუკეთეს. მოგვიანებით კი ოფიციალური გამოკითხვის ოქმებში მედიკოსები ადასტურებენ, რომ დაკავებულს წინასწარი მოთავსების იზოლატორში სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, თუმცა რატომ არ ასახეს სამედიცინო დოკუმენტაციაში, ამ კითხვას არ პასუხობენ.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მესტვირიშვილს ბრალი 4 დღეში მუქარის მუხლით წაუყენეს და მარნეულის იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. სწორედ ამ დროს ნახეს სასტიკად ნაცემი მამაკაცი ოჯახის წევრებმა. 

მუქარის საქმეზე დავით მესტვირიშვილს სასმართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ კი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამოძიება პროკურატურას დაავალა. 

დაკავებულის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევები თავისა და სხეულის არეში დაადასტურა ოჯახის მიერ ჩატარებულმა ალტერნატიულმა ექსპერტიზის დასკვნამაც. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მესტვირვიშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს დროში ემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს პროკურატურა რამდენიმე თვეა იძიებს, სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ არცერთი პოლიციელის მიმართ არ დაწყებულა. 

დღის ამბები