25 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
უსამართლობის განცდა და რადიკალური პროტესტი - სოფელ მუხრანში მოსახლეობამ პოლიციის უფროსს სცემა

მუხრანის პოლიციის უფროსს, ლაშა ძიმისტარიშვილს ხალხმა სოფლის ცენტრში სცემა. ფიზიკურ ანგარისშწორებამდე საქმე მას შემდეგ მივიდა, რაც მუხრანის პოლიციაში ადგილობრივების დაკავების ფაქტები გახშირდა. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მათ თანასოფლელებს პოლიციის ახალი უფროსის ბრძანებით, უმიზეზოდ, თითქმის, ყოველ დღე აკავებენ. უსამართლობის განცდამ მოსახლეობა რადიკალურ პროტესტამდე მიიყვანა.

"კურიერს" წყარო უყვება, რომ მუხრანში მცხოვრებლები პოლიციის ახალი უფროსის, ლაშა ძიმისტარიშვილის მუშაობით დიდი ხანია, უკმაყოფილოა, რადგან, ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივებს სამართალდამცველები სცემენ და უკანონოდ აკავებენ.

პოლიციის უფროსის ცემის ფაქტზე საჯაროდ საუბარს ყველა ერიდება, მაგრამ შემთხვევას უამრავი თვითმხილველი და მონაწილე ჰყავდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ დაპირისპირების დეტალებზე საჯაროდ ალაპარაკდებიან, შესაძლოა, მოსახლეობაზე გაბრაზებული პოლიციელები უფრო აგრესიულები გახდნენ.

ყველა, ვინც პოლიციელის ცემის საქმეზე შესაძლოა, რამე სცოდნოდა, სამართალდამცველებმა მეორე დღეს დაკითხვაზე გადაიყვანეს. "კურიერს" წყარო უყვება, რომ პოლიციის განყოფილებაშივე ადგილობრივებს უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით არსად არაფერი ეთქვათ.

მოწმეების ჩვენებების გარდა, სამართალდამცველებს აქვთ დაპირისპირების ამსახველი კადრებიც, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარე აფთიაქის ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ეს ჩანაწერები გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს და ყველა პირიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ ამ საქმეზე დაკავებული არავინაა.

დღის ამბები